არჩევნებამდე კახეთში ტრაგიკულად დაღუპული ჩვილის, -ბარბარე რაფალიანცის დედა საქმეში პროკურატურისა და ეფ-ბი-აი-ს ჩართვას მოითხოვს. მისი თქმით, უკვე ცხრა თვე გავიდა და წყლით სავსე ქვევრში ჩავარდნილი მისი შვილის მკვლელობის საქმე კვლავაც გამოუძიებელია.
ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოს სახალხო დამცველიც აკეთებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის გაცნობას ახლა იწყებს და სამწუხაროა, რომ გამოძიების შედეგი ჯერაც არ არის. ამიტომ მათი რეკომენდაციაა, დაჩქარდეს საქმის გამოძიება და შედეგი, რაც შეიძლება, მალე დაიდოს.
გარდაცვლილის დეიდა დალი მექერიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის არაფერია ცნობილი, თუ რას აკეთებს გამოძიება, იმასაც კი არ ეუბნებიან, საერთოდ თუ იქნება გამოძიებული ეს ტრაგედია. მისი თქმით, უკვე არაერთი თვე გავიდა, რაც მათ არწმუნებენ, დღეს ან ხვალ გამოიკვეთება ახალი დეტალები, თუმცა შემდეგ გამოძიება ისევ ჩერდება.
„ამიტომ გვინდა, მთავარი პროკურატურის გარდა, ეფ-ბი-აი-ს გამომძიებლებიც ჩაერთონ ამ საქმეში, რათა უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი და ყველაფერი გამოაშკარავდეს. მესმის, ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე შედეგი ხომ უნდა დაიდოს? კვირა ისე არ გავა, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამაზე განცხადება არ გააკეთონ. სულ ახლახანს გადაცემა „პოზიციაში“ ვუსმინე ჭიაბერაშვილს, ისიც ამ თემას გამოეხმაურა. ხალხს მართლაც ეჭვი უჩნდება ყველაფერზე, საზოგადოებაში კითხვა ისმის, ხომ მოვიდა ახალი მთავრობა, რატომ არ იძიებენ ამ საქმეს?“ - აინტერესებს დალი მექერიშვილს.
ამასთან, იგი არ მალავს, რომ შესაძლოა, მართლაც ზეწოლის ქვეშ არიან შსს-ის გამომძიებლები. მისი თქმით, იგი უჩა ნანუაშვილსაც შეხვდა და მანაც დაარწმუნა, რომ სახალხო დამცველის უწყებაც იძიებს ამ საკითხს. გარდა ამისა, უშუალოდ გურჯაანის ჟურნალისტებიც აწარმოებენ საქმის გამოძიებას, საქმეში ჩართულნი არიან არასამთავრობიებიც. ეჭვი რამდენიმე პიროვნებაზე არსებობს, მაგრამ გარდაცვლილის დეიდა მათ ვერ დაასახელებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეუშალოს.
„ფაქტია, ბავშვი მკვდარია. არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო და ხელი დავადო, თვითონ გამოძიებამ დაადგინოს, ეს დანაშაული ნაცმოძრაობის წევრმა ჩაიდინა თუ სხვა ვინმემ. მთავარია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკას ვუკავშირებ, ყველა კვალი პოლიტიკისკენ მიდის. თორემ რაღა მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეს მოხდა ეს ტრაგედია, როცა დაძაბული სიტუაცია იყო და რას აღარ კადრულობდნენ?! გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვის წინ ქვევრში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა, მაშინ გვითხრეს, ჩანთას წავიღებთ და ექსპერტიზას ჩავუტარებთ, თუ რამდენი ხნის ჩაგდებულიაო. ორი კვირის შემდეგ კი ჩამოვიდნენ გამომძიებლები და გვითხრეს, ჩანთა დიდი ხნის ჩაგდებული ყოფილა და არანაირი ექსპერტიზის სამუშაოები არ ჩატარდებაო. ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლნენ“,- აცხადებს დალი მექერიშვილი.
იგი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ეფ-ბი-აი-ს ჩართვის შემდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყოს.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანსაც დავუკავშირდით. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმის შესახებ შს სამინისტროში გამოძიების დაწყება თავიდან მოუხდათ და საგამოძიებო მოქმედებები დღესაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ეს საქმე გაიხსნას.
ამ ეტაპზე ნინო გიორგობიანი დამატებით დეტალებს არ ახმაურებს და ვერც კონკრეტულ ვადებს ასახელებს, თუ როდის დასრულდება გამოიძიება.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ დაღუპულის ოჯახს ეჭვი ორ ახალგაზრდაზე ჰქონდა, რომლებიც წინასაარჩევნოდ პრობაციონერები იყვნენ და არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვეს. ორივე ახალგაზრდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო.