ეს იყო უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც იმსხვერპლა ამ გმირი, ანგელოზი ბავშვის სიცოცხლე, ეს იყო რამდენიმე მდგენელისგან შემდგარი კაზუსი, რომელმაც უდიდესი ტრაგედია მოგვიტანა, თუმცა დაგვანახა, რომ კერძო ექსპერტიზის მიმართულებით სამუშაო აუცილებლად გვაქვს გასამკაცრებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მერია ყიდულობს პროექტს. შესყიდვა ხდება როგორც პროდუქციის, ასევე ექსპერტიზის. ანუ მომწოდებელი ვალდებულია, რომ დაამოწმოს. მიმწოდებელს მოაქვს პროექტი, სადაც მოაქვს უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული პროდუქტის მიმართ, ე.წ. რელე იქნება, ტუმბო იქნება თუ სხვა. ყველაფერი ხორციელდება პროექტის მიხედვით, რომელიც ასევე დაექსპერტებული და ცალკე შესყიდულია მუნიციპალიტეტის მიერ და მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, რომ წარმოადგინოს დოკუმენტაცია (რომელზეც გავიგეთ, რომ არის გაყალბებული). მერიამ შეისყიდა მთელი მომსახურება, თავისი უსაფრთხოების გარანტიებით, სერტიფიკატებით და ექსპერტის წერილით, რომელიც ეყრდნობა კვლევებს, რომ ყველაფერი შესწავლილია, ხარჯთაღრიცხვა სწორია და შეესაბამება სამშენებლო ნორმებს. ელექტრობასთან მიმართებით სამშენებლო ნორმებს მივყავართ ჩვენ 220-გვერდიან დოკუმენტთან, რომელიც ზუსტად აღწერს როგორ უნდა იყოს დამონტაჟებული, როგორ უნდა მოხდეს ექსპლუატაციაში გაშვება, როგორ უნდა იყოს დატესტილი. ასეთი მომზადებული დოკუმენტი მერიამ ჩაიბარა აგვისტოში, რის შემდეგაც ობიექტის მუდმივი ტესტირებები ხდება. მერია როდესაც იბარებს პროდუქტს, ამის შემდგომ მიმწოდებელი, ამ შემთხვევაში „გრინ სერვისი“ ვალდებულია, რომ 2 წლის განმავლობაში სერვისი გაუწიოს მერიას. იქ თუ რამე ხარვეზი იქნება, გამოასწოროს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც მერიის თანამშრომელი ხედავს, რომ იქ რაღაც ვიზუალური მხარე არ შეესაბამება ესთეტიკურს. საუბარი იყო, რომ შეფუთეთო, ბუნებრივია, მას არ უთქვამს, რომ უსაფრთხოების წესები დაარღვიეთო და შემდეგ მივდივართ იმ ციკლამდე, რაც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა. აქ საუბარია შესყიდვების მთელ სისტემაზე, რომელიც მთელ ქვეყანაში მოქმედებს, იგივე სისტემა მოქმედებს კერძო კომპანიებში. როდესაც შენ ვიზუალური მხარის მოწესრიგებას სთხოვ კონტრაქტორს, რომელიც ქირაობს ქვეკონტრაქტორს და მას კიდევ მოჰყავს მუშები, რომლებიც რაღაცის ქვემოთ რაღაცას აზიანებენ გარანტიის ფარგლებში... მოდით ასე ვთქვათ, ეს უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც იმსხვერპლა ამ გმირი, ანგელოზი ბავშვის სიცოცხლე, იყო რამდენიმე მდგენელისგან შემდგარი კაზუსი, რომელმაც უდიდესი ტრაგედია მოგვიტანა, თუმცა დაგვანახა ის, რომ კერძო ექსპერტიზის მიმართულებით სამუშაო აუცილებლად გვაქვს გასამკაცრებელი“, - განაცხადა ბითაძემ.