საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ევროპული საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას ცინიზმსა და დაცინვას უწოდებს.
„ცინიზმი და დაცინვაა, ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის მიმართულებით რომ უკრაინის წარმომადგენელი იქნება. ვწუხვარ, რომ ჩვენი კოლეგები უკრაინიდან იმავე თემას აგრძელებენ, რომელიც, თავის დროზე, პოროშენკომ დაიწყო, ძებნილი სააკაშვილი რომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა და შემდეგ, თმებით ათრევდნენ ამა თუ იმ კაფეში, დაპატიმრებულიც ჰყავდათ კორუფციასა და კონკრეტულ დანაშაულებზე. ზუსტად იგივე ხაზი გრძელდება. არ ვიცი, რას აძლევს უკრაინას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების, რეკეტის ერთ-ერთი შემოქმედი ევროპაში წარმომადგენლად ჰყავთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა