რამდენიმე წლის წინ კომპანია "Legendary Pictures"-მა გადაწყვიტა, რომ ცნობილი ეკრანული პერსონაჟი გოძილა კვლავ გაეცოცხლებინა.
იაპონური წარმოშობის ურჩხულის მორიგ თავგადასავლებს ამჟამად კინორეჟისორი გარეტ ედვარდსი იღებს. მაყურებლებისათვის ის ცნობილია, როგორც პოპულარული ფილმის „მონსტრების“ გადამღები.
გოძილას შესახებ არსებული ახალი კინოპროექტი მძაფრსიუჟეტიანი სურათების თაყვანისმცემლებს მრავალ საინტერესო და მოულოდნელ სიურპრიზს შესთავაზებს.
სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, რის შესახებაც კინოჟურნალისტებმა შეიტყვეს, არის ის, რომ ეს ფილმი იაპონური ორიგინალის შინაარსთან მიახლოებული იქნება.
გოძილას შესახებ პირველი მხატვრული ფილმი ჯერ კიდევ 1954 წელს გადაიღეს იაპონიაში. ამომავალი მზის ქვეყანაში ამ ფანტასტიკურ არსებას კიდევ რამდენიმე სურათი მიუძღვნეს. გოძილამ ჰოლივუდშიც გადაინაცვლა და სხვადასხვა კინოვერსიებში მიიღო მონაწილეობა.
გოძილას თავგადასავლების შესახებ ახალი კინოსურათი მსოფლიოს ეკრანებზე მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.