მამუკა მდინარაძე: ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკაში ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება

მამუკა მდინარაძე: ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკაში ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება

„გიორგი ვაშაძე გადაჭარბებული, პოპულისტური განცხადებით გამოირჩევა, დადის და ვითომ პიარს იკეთებს“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გიორგი ვაშაძის მიერ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ დასმულ კითხვას.

მამუკა მდინარაძე ვაშაძეს „სასაცილო პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს.

„ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკაში ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება - ესაა ადამიანი, რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს, რუსეთის აგენტს ნებისმიერს დაუძახებს, ყველაფერს იკადრებს. ამიტომ, ვასაძე რას აკეთებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის გადაჭარბებული, პოპულისტური განცხადებით გამოირჩევა, დადის და ვითომ პიარს იკეთებს, პიარს, რომელსაც შედეგი, ე.წ. ფიდბექი არ აქვს. ეს ადამიანი უშედეგო პიარის ავტორია. მისი განცხადებები დიდად ვერაფერს დააზიანებს. ხაზი, რომელსაც ის ატარებს [საქართველოს] იმიჯის დაზიანების მცდელობაა და ვერ აზიანებს “, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევრორეკომენდაციის საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი რანგის პირებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, შეხვედრებს გამართავს. „ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავიტანოთ სიმართლე. პირველი სიმართლე არის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მეორე - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, არ გადაუხვიოს იმ ევროპული ინტეგრაციის გზას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა“, - აცხადებს ვაშაძე.