რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს

რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს

მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სკანდალური დაშორების გარშემო პრესაში ხმაური დღემდე არ ცხრება. ჟურნალი "გზა" ირაკლის ერთ-ერთ ნათესავს დაუკავშირდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

- თქვენ იცოდით, რომ ირაკლის და ნინის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ?
- მას შემდეგ, რაც ნინი საქართველოში ჩამოვიდა, პრესასთან და სატელევიზიო გადაცემებშიც ირაკლიზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა, მერე კი ირაკლი ძუნწი, უყურადღებო და მახინჯი გახდა.

- ეს ვინ თქვა?
- თავად ნინი ყველასთან ასე ლაპარაკობდა. რომ მიჰყვებოდა, არ იცოდა, ვინ იყო? როგორი იყო? ქორწილამდე 2 კვირით დუბაიშიც იყვნენ წასულები, ირაკლის ძალიან კარგად იცნობდა.

- ამბობენ, ნინის ყურადღებას ვერ აქცევდა, მთელი დღე გასული იყოო.
- ძვირად ღირებული სურვილები შინ ჯდომით რომ არ სრულდება, არ იცოდა? მართალია მთელი დღე დაკავებული იყო, მაგრამ ყოველ საღამოს ერთად ატარებდნენ, კონცერტებზე დაჰყავდა. ნინის განკარგულებაში იყო მანქანაც. მან ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება. მეეჭვება, ირაკლისნაირი ადამიანი კიდევ იპოვოს. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ჩემი ნათესავია.

- ერთმანეთს როგორ დაშორდნენ?
- ნინიმ დაიჩემა, თბილისში უნდა წავიდე, სატელევიზიო პროექტიდან მაქვს შემოთავაზება და უარს ვერ ვიტყვიო. ირაკლი გაგებული ბიჭია, იფიქრა, რომ ნინი თავის თავში ყველაფერს დაალაგებდა და უკან დაბრუნდებოდა, უარი არ უთხრა, გამოუშვა. მან კი ირაკლისთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა.

- ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან?
- როგორც ვიცი, ნინი რომ წამოვიდა, თავისი ნივთები წამოიღო. რაც დარჩა, მერე გამოაგზავნინა და მხოლოდ ამისთვის შეეხმიანა.

- ირაკლი პრესასთან არ ურთიერთობს. ამჯერად ინტერვიუზე რატომ დათანხმდა? ხომ შეიძლებოდა, მათ ურთიერთობა ოჯახურ გარემოში გაერკვიათ.
- სიყალბეში ცხოვრებას ასე არჩია. თქვა და დაამთავრა. სხვა ინტერვიუების მიცემას აღარ აპირებს. საინტერესოა, მას ნინის ოჯახის წევრები მაინც რატომ არ დაუკავშირდნენ? განა შეიძლება, იცოდე, რომ შენს შვილს ოჯახი ენგრევა და არ ჩაერიო?

- ირაკლის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე დაიდო ინფორმაცია, თითქოს მათ ოჯახში სტუმრები ჰყავდათ, ნინი კი მესიჯობდა და ირაკლიმ ტელეფონს ვერაფრით მოსწყვიტა. მოგვიანებით კი ნახა, ნინი დედამისს სწერდა: "ამ ბანჯგვლიანთან როგორ მძინავსო"... თქვენთვის ამის შესახებ თუ არის რაიმე ცნობილი?
- ამბობდნენ, ირაკლიმ ნინის მესიჯები წაიკითხაო, მაგრამ არ ვიცი, ადრესატი ვინ იყო.

- გზავნილების შინაარსი იცით?
- ირაკლის და დედამთილს ლანძღავდა.

- ისიც დაიწერა, ირაკლი მეუღლეს იმის გამო დაშორდა, რომ ყოფილ შეყვარებულს შეურიგდაო.
- ეს სიმართლე არ არის, ირაკლის ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, წყალბურთელი ბიჭია, მთელ მოსკოვს იცნობს, დიდი სამეგობრო წრე ჰყავს.

- მალე მისი შვილი დაიბადება. თქვენთვის თუ არის ცნობილი, ირაკლი რას აპირებს?
- პირადად მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვფიქრობ, შვილს უყურადღებოდ არ დატოვებს.

- ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ აპირებს?
- არა.

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ნინი ბადურაშვილის მეჯვარე და მეგობარია. ირაკლის მიერ გაკეთებული განცხადება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

სალომე:
- ამას ვერც ვიფიქრებდი, ეს საკითხი მხოლოდ ნინისა და ირაკლის გადასაწყვეტია. ამ თემაზე სხვების აზრი უინტერესოა. ირაკლის საქციელმა გამაკვირვა და მეწყინა კიდეც, სხვანაირი ადამიანი მეგონა, ე.ი. კარგად არ ვიცნობდი.

- ნინის მეგობრებს ირაკლისთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- პატივს ვცემდი, როგორც ნინის ქმარს. ამიტომ არ მინდა, ზედმეტი ვილაპარაკო. კაცისგან მსგავსი საქციელი საწყენია. ეტყობა, ამ ყველაფერს მისთვის რაღაც მნიშვნელობა აქვს.

- რას გულისხმობ?
- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხო. ახლა ჩემთვის მთავარი - ნინი და მისი ჯანმრთელობაა. როგორც ჩანს, ირაკლისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ნინის ვუფრთხილდები.

- ნინი ირაკლის საქციელზე რას ამბობს?
- არანაირი კომენტარის გაკეთებასა და პასუხის გაცემას არ აპირებს. გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ელოდება. მშობიარობას კი ირაკლის ნაცვლად, მე დავესწრები.
"შე იდიოტო, რას ლაპარაკობ? ამაზე კრეტინი კაცი ცხოვრებაში არ შემხვედრია", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ირაკლი კუტალაძის განცხადებას მომღერალი ქეთა თოფურია და დასძინა: "ნინი ბადურაშვილი არის თავმდაბალი, კეთილი და საერთოდ, არაჩვეულებრივი ადამიანი. ირაკლის ნათქვამი სისულელეა და მეტი არაფერი".

ბუნებრივია, დავინტერესდით როგორ მოხდა ინტერვიუს მოპოვება. მართალია, სტატიის ავტორთან დაკავშირება ვერ შევძელით, მაგრამ ჟურნალ "თბილისელების" პასუხისმგებელმა რედაქტორმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ზაალ ცინაძე:
- მას შემდეგ, რაც ნინი საქართველოში დაბრუნდა და მეუღლესთან შესაძლო დაშორებაზე ჭორი გავრცელდა, ირაკლი კუტალაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ. თავად ნინიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ახლა ამბობენ, ირაკლიმ ინტერვიუ რამდენიმე რედაქციას შესთავაზა და უარი უთხრესო. თქვენ ამის გჯერათ? დამისახელეთ გამოცემა, რომელიც მისი ინტერვიუს დაბეჭდვაზე უარს იტყოდა. ამ სტატიამ ფურორი მოახდინა. არ მეგონა, ნინი ასეთი აქტუალური სახე თუ იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით სიმართლე ნინიმ და ირაკლიმ ყველაზე კარგად იციან... ირაკლი პრესასთან ურთიერთობას აღარ აპირებს, კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არც ნინის აქვს. როცა საზოგადოებაში კითხვები უპასუხოდ რჩება, ახალი ვერსიებიც იბადება, მერე კი ჭორისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ძნელია.