დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასკვნებია გასაკეთებელი, პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ვაკის პარკის საქმეზე ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„როცა საქმე 13 წლის გოგონას, ადამიანს ეხება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თუ რაიმე ცუდი თქვეს საქართველოზე, იწვევს აღფრთოვანებას და ზეიმს. ამის იქით არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ – არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ამ მედიცინაში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლეა მათზე დამოკიდებული. რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ მორალურ თემებზე გადადიხართ მაშინ, როცა ამორალურია ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, რომელიც გმართავენ თავის პიარით, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გამოვლინებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.~
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.