ალუდა ღუდუშაური:  რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს - ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახი კალაძე უნდა გადადგეს, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის?

ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს - ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახი კალაძე უნდა გადადგეს, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის?

ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახი კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის? , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ღუდუშაურის თქმით, სამწუხარო მომენტია, როდესაც “ რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს” რომ ტრაგედიის დროსაც „პოლიტიკა შემოიტანოს“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მიუხედავად მათზე გარე ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რამდენიმე დღეში დაიდო შედეგი. სამართლებრივი შეფასების იქით ვხედავთ სამწუხარო მომენტს, რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ აქაც პოლიტიკა შემოიტანოს. სულ რამდენიმე საათი იყო გასული ამ ტრაგედიიდან, რომ კონკრეტული პირებს პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.

რას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს კახა კალაძემ? „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი ხაზი. თუ ვინმე იცნობს ბატონ კახას, ის არის თავმდაბლობით გამორჩეული ერთ-ერთი პირი, ვისაც მე ვიცნობ. უბრალოდ , თვითონ არის ძალიან მონდომებული, ამას ნათლად ხედავს საზოგადოება და განსაკუთრებით, თბილისელები. თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ჰქონდათ ბრალეული ქმედება , ეს არის საგამოძიებო ორგანოების საკითხი. ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური მიზანია, გადადგეს მერი. ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახი კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ - მიზეზი რა არის?

იცით რამდენი პარკი აქვს გახსნილი ქალაქის მერიას და უშუალოდ კახა კალაძეს. საკითხი დგება ისე, რომ ქალაქის მერი, როდესაც ამბობს პარკი გახსნილია, ამ დროს თურმე თვითონ უნდა შეემოწმებინა ელექტროგაყვანილობა, ექსპერტიზის დასკვნები, ვერ გავიგე, რაზეა საუბარი. გაიხედეთ ქალაქში და ნახავთ საშვილიშვილო პროექტებს, რომლებიც წლები იქნება ქალაქის სამსახურში, ასეთი პროექტები აქვს ადამიანს განხორციელებული მისი მენეჯმენტის დროს. ერთი ფაქტი, როდესაც დადგა, ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მით უმეტეს, ეს არ არის განზრახ დანაშაული. ასეთი შემთხვევები ხდება იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და, შესაბამისად , საკითხი არ არის რელევანტური“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.