მე ცოტა გაოცებული ვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის იმ პუნქტის გარეშე დაეჭირა მხარი, რომელიც პრობლემურია სააკაშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა სურდათ და სააკაშვილის თაობაზე არსებული ჩანაწერის გამო ვერ დაუჭირეს მხარი, მათ შეუძლიათ მსგავსი რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში დააინიცირონ.
"შეეძლოთ იმ პუნქტისთვის არ მიეცათ ხმა და ხმა მიეცათ რეზოლუციისთვის. რადგან ამბობენ, რომ ეს პუნქტი გახდა პრობლემა და რეზოლუციას ეთანხმებოდნენ, მაშინ მეც და ალბათ, ყველა სხვა, ველით, რომ ამ პარლამენტში დააინიცირებენ რეზოლუციას, რომელშიც არ წერია სააკაშვილის თაობაზე და წერია ყველა სხვა დანარჩენი, რაც იმ რეზოლუციაში იყო და ამბობენ, რომ ხმის მიცემა უნდოდათ. შესაძლოა, ამაზე მუშაობს კიდეც უმრავლესობა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.
ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.
ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.