ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხმა არა აქვს - მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მომიზეზებაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
როგორც დეკანოიძემ განმარტა, ევროსაბჭოს რეგლამენტი და პროცედურა იძლევა შესაძლებლობას, რეზოლუციას კონკრეტული შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი.
დეკანოიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია უმძიმესია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ რეზოლუციაში საუბარია საქართველოსა და მოლდოვის დეოკუპაციაზე.
ამასთან, დეკანოიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანა მოხდეს. მისი თქმით, რეზოლუციის მეოთხე ჩანაწერით აღიარებულია პუტინის რეჟიმის რეპრესიები და სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
“რეზოლუცია პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. ასეთი ისტორიული მნიშვნელობის ჩანაწერი არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ ყოფილა. კიდევ ერთი ისტორიული ჩანაწერია სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისგებაში მისცემს.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მოწოდება არის მძიმე ქვეყნისთვის, რადგან პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს. რეზოლუციის მეოთხე პუნქტის ჩაწერა ევროსაბჭოს 30-ზე მეტი დეპუტატის ინიციატივა იყო. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რამდენად ახლოა საქართველოს ხელისუფლება იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და ჰუმანიტარული მიზნებით სხვა ქვეყანაში გადავიდეს. ამ სიტუაცია იმ ადამიანის ციხეში ყოფნა, ვინც პუტინის რეჟიმს ებრძოდა, არის ძალიან მძიმე ქვეყნისთვის.“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.
ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.
ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის თემა რომ არ გაჩენილიყო, მას საქართველოს დელეგაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებოდა.