ინგლისელი მსახიობი ტომ ფელტონი რომ თავის შესრულებულ ყველაზე ცნობილ პერსონაჟს ასი თავით ჯობია, ეს კარგა ხანია, ვიცით. ჰარი პოტერის ვარსკვლავს მალფოიზე უკეთესი ხასიათი და იუმორის გრძნობა აქვს, თანაც დიპლომატიაც ბევრად უკეთ გამოსდის. თუმცა, როცა რამდენიმე თვის წინ პოტერიადის ავტორ ჯოან როულინგთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვეს, კინოსტუდია Warner Bros.-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტს ინტერვიუ შეაწყვეტინა.
მასთან თანამშრომლობით ვამაყობთ — Warner Bros.-მა როულინგს მხარი დაუჭირა
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფელტონს როულინგზე სათქმელი მაინც ჰქონდა. ბრიტანელი მწერალი ტრანსფობიის ბრალდებით ბოლო წლებში არაერთხელ გააკრიტიკეს, მათ შორის, პოტერიადის ფილმების ვარსკვლავებმაც. ფელტონი კი ამბობს, რომ ყოველთვის ახსოვს, რა გავლენა ჰქონდა როულინგსა და მის შემოქმედებას თანამედროვე სამყაროში.
მალფოის შემსრულებელი მსახიობის თქმით, ჰარი პოტერის სერიის მეექვსე ფილმში გამოჩენილი სამსახიობო ოსტატობისთვის მან როულინგისგან შექება წერილობით მიიღო. ეს წერილი მან შეინახა და ჩარჩოშიც კი ჩასვა. ამის მიუხედავად, ფელტონი ამბობს, რომ პოტერიადის გადაღებებისას მაინცდამაინც ხშირი შეხება წიგნების ავტორთან არ ჰქონია.
"ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც მან ან სხვებმა თქვეს", — აცხადებს მსახიობი, — "თუმცა, ყოველთვის მახსენდება, განსაკუთრებით, კომიკ-კონებზე, რომ უამრავი თაობისა და წარმომავლობის ადამიანის გასახარებლად მასზე მეტი დამოუკიდებლად არავის გაუკეთებია. სულ მახსოვს, რამდენად დადებითი როლი ითამაშა სფეროში მისმა შემოქმედებამ და თავად მან, როგორც პიროვნებამ. მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრილვარ, თუმცა, ყოველთვის ძალიან თბილი იყო და ამისთვის მადლობელი ვარ".
ფელტონი ამატებს, რომ იგი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში დისკუსიის მომხრეა და რომელიმე მხარეს არ ირჩევს.
"ჩემს ბევრ კარგ მეგობარს ცხოვრების ისეთი სტილი ან მიღებული გადაწყვეტილებები აქვს, რომლებსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდე", — აღნიშნავს ფელტონი, — "ჩვენ ერთმანეთის განსხვავებულობა უნდა მივიღოთ".
სხვათა შორის, ფელტონის ავტობიოგრაფიული წიგნი, ჯადოსნურ ჯოხს მიღმა, სულ მალე გამოიცემა. სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ მემუარულ ტექსტში მსახიობი დიდწილად იმაზე საუბრობს, თუ როგორ შეცვალა პოტერიადამ მისი ცხოვრება. ფელტონის თქმით, რადგან მას ფილმებში მეორეხარისხოვანი როლის შესრულება უწევდა, რეალურ სამყაროს არ მოწყვეტილა. თუმცა, ჰოგვორტსი ისე შეუყვარდა, რომ მასთან განშორება ძალიან განიცადა — გადაღებების დასრულების შემდეგ შინ რომ ბრუნდებოდა, მანქანაში მთელი გზა ტიროდა და ცდილობდა, მძღოლს მისი ცრემლები არ შეემჩნია.
"ძალიან ემოციური ვარ. ზოგჯერ, უბრალოდ, ახალი ამბების ყურებაც კი მყოფნის, ტირილი რომ მოვრთო".
ფელტონი ახლა ლონდონში ცხოვრობს. მსახიობობასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, პროდიუსერის როლიც მოირგო. აი, თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ატარებს ან გიტარაზე უკრავს. საყვარელი ჰობით დაკავება, როგორც ჩანს, მსახიობს თავისი ვარსკვლავური კარიერის ცოტა ხნით დავიწყებაში ეხმარება.
"კლავიშზე ან გიტარაზე დაკვრა არაჩვეულებრივია, მათ არ ადარდებთ, ვინ ხარ და რას აკეთებ", — ამატებს ფელტონი, — "არც ჩემს ძაღლს ადარდებს, რა სამუშაო მაქვს, უბრალოდ, უნდა, გავასეირნო. ასე რომ, ჰო, სხვა რაღაცებიც მანიჭებს ღირებულებას, ადამიანების მიერ ჩემზე შექმნილი შეხედულების გარდა. უფრო და უფრო ვცდილობ, საკუთარ თავს შევახსენო, რომ ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი ცხოვრებაში".