ილონ მასკმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც გვამცნო, რომ სუნამოს გაყიდვას იწყებს. სუნამოს სახელად "დამწვარი თმა" ჰქვია და მას ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია —The Boring Company აწარმოებს.
ილონ მასკმა გასულ თვეში განაცხადა, რომ The Boring Company მალე კაცის სუნამოს გამოუშვებდა, რომლის დახმარებითაც ისინი სხვებისგან გამორჩეულები გახდებოდნენ. "ყველაზე დახვეწილი სურნელი დედამიწაზე", "გახდი ის ცვლილება, რომელიც სამყაროში გსურს", — ილონ მასკი თავის სუნამოს ასეთი სლოგანებით არეკლამებს.
სუნამოს შეძენა The Boring Company-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი და მისი ფასი 100 დოლარია. სუნამოს გამოშვებიდან მალევე ილონ მასკმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ 10 ათასი ფლაკონი მყისიერად გაიყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ილონ მასკმა სუნამოს გაყიდვებიდან უკვე მილიონი დოლარი მიიღო.
"ჩემი გვარის გამო სუნამოების ბიზნესში ჩართვა გარდაუვალი იყო. არც კი მესმის, ამდენი ხანი რატომ ვებრძოდი თავს?", — ასე გამოეხმაურა ილონ მასკი საკუთარი სუნამოს გაყიდვას. მასკმა ნივთიერება მუშკი (Musk) იგულისხმა, რომელსაც პარფიუმერიასა და მედიცინაში იყენებენ.