„ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებით სააკაშვილმა ამერიკასთან რისკიანი თამაში წამოიწყო“

„ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებით სააკაშვილმა ამერიკასთან რისკიანი თამაში წამოიწყო“

ირანთან უვიზო მიმოსვლა 2011 წლის 26 იანვრიდან მოქმედებდა. თუმცა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ირანთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გაუქმდა. ეს შეზღუდვა ირანელ მოქალაქეებს შეეხება, თორემ ჩვენს მოქალაქეებს კვლავაც უვიზოდ შეუძლიათ შესვლა ირანში. კერძოდ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს 45 დღის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ.

საინტერესოა, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ თავის დროზე უვიზო რეჟიმის გაუაზრებელმა ამოქმედებამ ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას  - თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მონაცემმა 89 600-ს გადააჭარბა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სარისკო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირანთან მიმართებით მძიმე პოლიტიკა მაშინაც არსებობდა, სააკაშვილი არ მოერიდა სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის  განაწყენებას და ირანთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ამის მიზეზად საქართველოში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება სახელდებოდა. თუმცა მაშინდელი ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ვერ ადასტურებდა, რომ ირანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული იყო მაინცდამაინც თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან. მაშინ ზაქარეიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ირანთან უვიზო რეჟიმი შეთანხმებული იყო ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც მაკკეინის, ლუგარის, დონალდ ტრამპისა და სხვათა მეშვეობით სააკაშვილს მეურვეობას უწევდა.

უვიზო რეჟიმის შეზღუდვის მიუხედავად, დღეს საქართველოში მიაჩნიათ, რომ ირანთან მიმართებით პოლიტიკა და ბიზნესი გაიმიჯნება და ირანულ ბიზნესს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება. მით უფრო, რომ საქართველოში ირანის კერძო სექტორიდან არაერთი ინიციატივა შემოდის.

ირანთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივ აკრძალვას წინ უსწრებდა 2013 წლის 20 ივნისს  The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ირანის მიმართ ამერიკის სანქციების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო იზრდებოდა ირანელების ინვესტიცია. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილი გახლდათ 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით. ამავე სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს გარდა, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ორ ქვეყანას (სომხეთსა და თურქეთს) ჰქონდა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ირანთან.

აღნიშნული სტატიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.

ცნობისთვის, ბირთვული იარაღის წარმოების გამო გაერომ ირანს სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკური და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვულ იარაღის წარმოებასთან ირანში. 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2014 წლის 9 ივლისამდე გახანგრძლივდა ექსპერტთა ჯგუფის მანდატი, რომელიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ რას უკავშირდება სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება ირანთან.

For.ge დაინტერესდა, რით არის განპირობებული ირანთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმება, ხომ არ დაძაბავს ეს ვითარებას ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან და ხომ არ არის ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის ნაკარნახევი?! ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამ შეზღუდვის დაწესება კარგს არაფერს მოუტანს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობებს. საერთოდ რომ არ ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა ირანთან, მაშინ კიდევ არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ, როცა უკვე არსებულ უვიზო მიმოსვლას ცალმხრივად აუქმებ, ეს სირთულეს მოიტანს.

„თავის დროზე ამერიკელების ზურგს უკან არ ამოქმედებულა უვიზო მიმოსვლ ირანთან. ამერიკამ იცოდა ის არგუმენტები, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს რეჟიმი შემოგვეღო, თუმცა მაშინაც არ იყო ეს იოლი გადაწყვეტილება. ახლა კი მისი გაუქმება რთულია, ეს სენსიტიური საკითხია, ძალიან სათუთი ურთიერთობაა ორ ქვეყანას შორის. აქ არის ეკონომიკური და პოლიტიკური მომენტებიც. რაღაცნაირად მოხერხდა, რომ გაიმიჯნა ეს ორი საკითხი. არავითარ შემთხვევაში, ირანთან დაძაბულობა და ის ეკონომიკური ნეგატივი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - აცხადებს ელენე ხოშტარია და ვერ აკონკრეტებს, რა დგას საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების უკან.

მისივე თქმით, თუკი ამ გადაწყვეტილების საფუძველია გარკვეული შეთანხმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაშინ ამ შეზღუდვას მხარს ნამდვილად დაუჭერდა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი იხსენებს, რომ თავის დროზე უვიზო რეჟიმის შემოღებით სააკაშვილის მთავრობას სურდა, ამერიკისთვის ეჩვენებინა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენებური ნაბიჯების გადადგმა და ის, რომ ამერიკა ამას ცუდად უყურებს, ჩვენთვის არ არის დაბრკოლება. ამდენად, ეს იყო რისკიანი თამაში და მთელი მსოფლიოსთვის დემონსტრირება, რომ სააკაშვილის მთავრობა ხანდახან ისეთ ნაბიჯებსაც გადადგამს, რომელიც ამერიკას არ მოეწონება.

„ეს მოხდა თუ არა ამერიკის კარნახით, ამას ვერ გავიგებთ და საჯაროდ არავინ იტყვის,  მაგრამ ირანთან საქართველოს დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება. გვქონია შემთხვევები, როცა ივანიშვილს დამოუკიდებლად გადაუდგამს ნაბიჯები, რაც ჩვენს პარტნიორებს არ მოეწონებოდათ, თუნდაც პალესტინისთვის სადამკვირვებლო ფუნქციის მინიჭება გაეროში, რაც ისრაელისთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. როგორც ჩანს, ახლაც რაღაც ზედმეტობად ჩაითვალა ირანთან უვიზო მიმოსვლა. შეიძლება, ამის უკან იყოს რაღაც პრაქტიკული გადაწყვეტილება, ან არსებობდეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ ვრცელდება. საქართველოსა და ისრაელს შორის დაახლოებაც არ ნიშნავს, რომ ირანის საწინააღმდეგოდ რაიმე კეთდება საქართველოში. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება ირანთან“ - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლის ცალმხრივი გაუქმება ირანთან საერთაშორისო დონეზე შექმნილი პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული და მოკავშირეებს გარკვეული პოზიცია გააჩნიათ ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სასწორზე რომ შემოვდოთ ეს ორი პოზიცია, აუცილებლად გადაწონის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოლიტიკა. თუმცა ამის მიუხედავად, ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არ დაიძაბება.

„სააკაშვილის მთავრობის დროსაც არასასურველი იყო ირანთან ასეთი პოლიტიკის გატარება, რადგან არ შეიძლება, ზედმეტი აიღო საკუთარ თავზე, როდესაც ვითარება ესოდენ დაძაბულია. ამჯერად ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი პრეზიდენტის პოლიტიკასა და პოზიციაზე. კარგია, რომ მოლაპარაკებები განახლდა ექვსეულის ფარგლებში ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. არის კარგი ნიშნები და, თუ ეს ნიშნები გაგრძელდება და შეუქცევადი  ხასიათი მიეცემა, მაშინ შეიძლება, კიდევ ვიფიქროთ ამ რეჟიმის დაბრუნებაზე“ - გვითხრა გია ვოლსკიმ.