ბრაზილიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ჰალკი გასულ წელს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ ჩაირიცხა.
რუსული გუნდის ხელმძღვანელობას სამხრეთ ამერიკელის დიდი იმედი გააჩნდა, მაგრამ პელეს თანამემამულემ მოლოდინი ვერ გაამართლა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ „ზენიტში“ ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ერთგვარი დაჯგუფება ჩამოაყალიბეს და სხვა ეროვნების ფეხბურთელებზე ე.წ. „დედოვშჩინა“ დაამყარეს.
გასული წლის დასასრულს ჰალკს მოთმინება აევსო და რამდენიმე ინტერვიუში დაიჩივლა, რომ გუნდში სხვა ფეხბურთელების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ბრაზილიელმა ისიც აღნიშნა, რომ 2013 წლის ზაფხულში ამ კლუბს აუცილებლად დატოვებდა.
ფეხბურთელის სურვილი ერთია და გუნდის ხელმძღვანელობის ნება მეორე. „ზენიტის“ ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჰალკს მხოლოდ სარფიანი შემოთავაზების პირობებში გაყიდიდნენ.
ბრაზილიაში ჩატარებული კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ ჰალკმა ხმა კიდევ ერთხელ ამოიღო.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Globo Esporte” ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც თავდამსხმელი აშკარად აცხადებს, რომ „ზენიტში“ თამაში აღარ სურს.
ცნობილი გახდა რომ ჰალკის მომავალი მისი რუსეთში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. ფეხბურთელის შეძენა „მონაკოს“, „რეალს“, „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ სურთ.