შალვა პაპუაშვილი: ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა

შალვა პაპუაშვილი: ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა

ტერმინი „ოლიგარქი“ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა შემოიღო და დაამკვიდრა - ბედის ირონიაა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში ცოდვა ოპოზიციის ნაწილს თავადვე შემოუბრუნდა! - ეს განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, „ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა“.

“ეს სასკოლო მაგალითია ალბათ იმისა, თუ როგორ ხდება ყალბი აღქმების ფორმირება, შემდეგ ეს ყალბი აღქმები როგორ ახდენს გავლენას მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო აღქმებსა და რეპუტაციაზე, მერე როგორ ხდება ამ ყალბი აღქმების უკან მობრუნება რეკომენდაციებით და როგორ ხდება ხელის გასავსავება - რა ვქნათ, რა ვუყოთ ამ ყველაფერს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან... ეს არის კარგი სასკოლო მაგალითი იმისა, რომ როდესაც ყალბი აღქმების ჩამოყალიბება ხდება, საბოლოოდ კარგი შედეგი არ მოაქვს და დილემამდე მივყავართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკრაინაში 2021 წლის ნოემბერში მიიღეს და 2022 წლის მაისში ამოქმედდა. მისივე თქმით, კანონი მიღებისთანავე დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა, თუმცა რუსეთის აგრესიული ომის გამო უკრაინასთან მიმართებით ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შეჩერებული იყო.

“ჩვენი ინფორმაციით, უკრაინასთან მიმართებით დასკვნების შედგენა და გამოქვეყნება დაიძრა. არის სიგნალი, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მალე იქნება. თუ კიდევ გადაიდება, ვენეციის დასკვნას უსასრულოდ ვერ დაველოდებით“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია, ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.