ყოფილი სამხედრო ექიმი ამბობს, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

ყოფილი სამხედრო ექიმი ამბობს, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

სკანდალური საქმის სკანდალური განხილვა გრძელდება. ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, რომელიც ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების ბრალდებას ეხება, ბრალდების მოწმემ იაღლუჯის პოლიგონის ყოფილმა სამხედრო ექიმმა ლევან სუთიძემ  განაცხადა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ამ მიზნით პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ტყეში.

ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, მოწმემ აღნიშნა, რომ იგი ღამის პირველ საათზე, ნების საწინააღმდეგოდ, წყნეთის ტყეში ჰყავდათ წაყვანილი. ეუბნებოდნენ, რომ რაც პირველი ჩვენებიდან არ ახსოვდა, ტყეში გაახსენებდნენ. ამის შემდეგ მანქანიდან გადმოაგდეს, შუაღამისას ტყეში დატოვეს, ტელეფონი გაუთიშეს და გადაუგდეს. ლევან სუთიძე ყვება, რომ ნახევარი საათი ეძებდა ტელეფონს, შემდეგ დაუკავშირდა მეგობარ სპეცრაზმელს, რომელიც დღესაც მუშაობს და წაყვანა სთხოვა.

მას პროცესზე პროკურორი ჩაეკითხა, ხომ არ იყო დაცვის მხრიდან გამომდინარე პროვოკაცია. მოწმემ თქვა, რომ ეს იყო ფაქტი, რომელიც მოხდა. სუთიძემ ასევე განაცხადა, რომ ამის დადასტურება შეეძლო მის მეუღლესა და სპეცრაზმის იმ წარმომადგენელს, რომელმაც იგი წყნეთის ტერიტორიიდან შუაღამეს წამოიყვანა“, - განაცხადა გიორგი ონიანმა. 

ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებას უპასუხა. როგორც პროკურორი აცხადებს, ის რაც დღევანდელ პროცესზე მოხდა დაცვის მხარის მიერ მოფიქრებული ლეგენდაა. პროკურორის თქმით, მოწმის ჩვენების მიხედვით, ლევან სუთიძე მისთვის უცნობმა პირებმა წაიყვანეს და ესაუბრებოდნენ, თუმცა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი მოწმეს არ დაუდასტურებია. 

„ლევან სუთიძეს თუ მიაჩნია, რომ ეს იყო მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, შეუძლია განცხადება შეიტანოს მთავარ პროკურატურაში და დაიწყოს გამოძიება. მე მოსამართლის შეკითხვაზეც განვმარტე და თქვენც განგიმარტავთ, რომ მის ნათქვამში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმეს არ უთქვამს, რომ ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს სხვა მიმართულებით.

„მოწმემ თქვა, რომ მას უთხრეს ვისაუბროთო, ისაუბრეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ წყნეთში ეჩქარებოდათ და სახლში თავად წასულიყო. სასამართლოზე მოწმემ სწორედ ასე განმარტა, სუთიძის მიერ მიცემული ჩვენება არ იძლევა დანაშაულის ნიშნებს. მე ვფიქრობ, რომ სუთიძემ განცხადება უნდა დაწეროს თუკი იგი მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ხედავს“, - განმარტა პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ, არის თუ არა საჯარო ინფორმაცია გამოძიების დაწყების საფუძველი, პროკურორმა განმარტა, რომ ეს იმ შემთხვევაშია საფუძველი, თუკი საგამოძიებო ორგანო მიიჩნევს, რომ მომხდარი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაიას გარემოცვის წევრები გამოძიების მიერ წარმოდგენილ მოწმეებს წინასწარ ხვდებიან და მათ ჩვენების შეცვლაზე იყოლიებენ. ამ იფორმაციას for.ge-სთან საუბრისას გამომძიებელიც ადასტურებს.

„მე სასამართლოზეც განვმარტე და ახლაც ვამბობ, რომ აღნიშნულ მოწმეს, დაცვის მხარის ადვოკატები წინასწარ შეხვდნენ და ეს ლეგენდა მოიფიქრეს. მათ ლევან სუთიძეს გაუკეთეს ჩანაწერი და დაარიგეს რა უნდა ეთქვა დღევანდელ პროცესზე. ამ ლეგენდით მოწმეზე მოახდინეს ზეწოლა“, - აცხადებს შაქრო ზაალიშვილი.