პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, თუმცა ამ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება ბევრ ჟურნალისტს არ მიეცა. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა for.ge–ს წარმომადგენელი ჟურნალისტებთან პრემიერ–მინისტრის ყველა შეხვედრას ესწრება ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით ერთი თვის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მოგვეცა კითხვის დასმის საშუალება. ამჟამად კი, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის პრეს–კონფერენციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები და მედია–ექსერტები ესწრებოდნენ, რომლებიც პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პირველად მივიდნენ და ამიტომ მათ ივანიშვილის პრეს–სამსახურმა მიანიჭა პრივილეგია, რომ თითოეულს მისცემოდა კითხვის დასმის საშუალება - სწორედ ასეთი შინაარსის განცხადებით გაიხსნა პრეს–კონფერენცია.
როგორც პრემერ–მინისტრის პრეს–სამსახურის უფროსი, ნონა ყანდიაშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებმა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოთქვეს სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზე მისულიყვნენ. ამიტომაც ვინაიდან ისინი პრემიერის პრეს–კონფერენციას პირველად დაესწრნენ, ივანიშვილის პრეს–სამსახურმა მათ კითხვების დასმის საშუალება მისცა, თუმცა გაურკვეველია, ვინ უშლის ამა თუ იმ ჟურნალისტს, რომ სხვა მედია–საშუალებების წარმომადგენლების მსგავსად პრემიერ–მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრას დაესწროს.
ნონა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ ყველა ჟურნალისტი, რომელიც პრემიერის პრეს–კონფერენციაზე აკრედიტაციას გაივლის, კითხვას ვერ დასვამს. კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც პრეს–სამსახურის წარმომადგენლებს წინასწარ აფრთხილებს, რომ კონკრეტული კითხვა აქვს. ამის შემდეგ კი დგება იმ ჟურნალისტების სია, რომლებსაც კითხვის დასმის საშუალება მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში for.ge-ც არის ხოლმე, მაგრამ დაახლოებით მე–40 ადგილზე და შესაბამისად, ჩვენი რიგის მოსვლამდე, უბრალოდ, პრეს–კონფერენცია სრულდება ხოლმე. ნონა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრი ყველა ჟურნალისტის კითხვას ვერ უპასუხებს, რადგან მის პრეს–კონფერენციაზე დაახლოებით 300–დე ჟურნალისტი გადის ხოლმე აკრედიტაციას.
„ხომ არ შეუძლია პრემიერ–მინისტრი უგო ჩავესივით 8 საათი იყოს ეთერში და ყველა ჟურნალისტს უპასუხოს? ამიტომ წინასწარ დგება ხოლმე სია ჟურნალისტების, რომლებიც დასვამენ კითხვებს. ვინაიდან ია ანთაძე და ქარტიის სხვა წევრები ოქტომბრიდან მოყოლებული დღეს პირველად დაესწრნენ ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციას, ამიტომ ჩვენ მათ კითხვების დასმის საშუალება მივეცით“, – აცხადებს ნონა ყანდიაშვილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალ „ლიბერალიდან“, ანუ ერთი მედია–საშუალებიდან ორ ჟურნალისტს, შორენა შავერდაშვილს და ირაკლი აბსნაძეს მიეცა კითხვის დასმის საშუალება, მაშინ, როდესაც როგორც მოგახსენეთ, ბევრ სხვა მედია–საშუალებას საერთოდ არ დაუსვამს პრემიერისთვის კითხვა. ნონა ყანდიაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ერთ–ერთმა მათგანმა კითხვა დასვა, როგორც „ლიბერალის“ ჟურნალისტმა, ხოლო მეორემ, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელმა.
ვინც თვალს ადევნებდა პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას, ყველამ ნახა, რომ ირაკლი აბსანძემ კითხვა დასვა, როგორც „ლიბერალის“ წარმომადგენელმა.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე ერთ–ერთია იმათგან, ვისაც პრემიერისთვის კითხვის დასმის საშუალება 3 ივლისის პრეს–კონფერენციაზე არ მიეცა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პრემიერის სხვა პრეს–კონფერენციებზე კითხვის დასმის საშუალება ბევრჯერ მისცემია და ამის გამო პრეტენზიას ვერ გამოთქვამს, მაგრამ ახლა ამ უფლებით ვერ ისარგებლა. ლეფსვერიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა გამოიკვეთა. კერძოდ, მისი თქმით, პრეს–კონფერენციაზე მოსული იყო ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამა თუ იმ ინფორმაციაზე მომუშავე ჟურნალისტები არ არიან. ამიტომ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრის პრეს–კონფერენციაზე კითხვის დასმის საშუალება უნდა მისცემოდათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ყველა პრეს–კონფერენციას ესწრებიან და კითხვის დასმის საშუალებას ელოდებიან ხოლმე, ამასთანავე, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ინფორმაციაზე.
თამუნა ლეფსვერიძე აცხადებს, რომ როდესაც პრეს–კონფერენციის ფორმატი იცვლება, პრემიერის პრეს–სამსახურის უფროსმა ამის შესახებ ჟურნალისტები (რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ გავლილი) უნდა გააფრთხილოს. ჟურნალისტისთვის აბსოლუტურად მიუღებელია არგუმენტი, რომ ვიღაც პირველად მივიდა პრემიერ–მინისტრის პრეს–კონფერენციაზე, გამოთქვა ამის სურვილი და ამის გამო კითხვის დასმის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეს.
„ამ ადამიანებს არავინ უშლიდა, რომ პრემიერ–მინისტრის ყველა პრეს–კონფერენციაზე მოსულიყვნენ ისევე, როგორც ჩვენ, სხვა ჟურნალისტები და კითხვის დასმის საშუალებას დალოდებოდნენ. მედიაში ეს რაღაც ფავორიტიზმი სწორი არ არის, რადგან კონკრეტულმა ჟურნალისტებმა მოისურვეს პრეს–კონფერენციაზე დასწრება და მაშინვე მიიღეს კითხვის დასმის საშუალება. ამ დროს, რა დააშავეს იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ყველა პრეს–კონფერენციაზე მოდიან იმ იმედით, რომ კითხვის დასმის უფლება ექნებათ? გუშინ სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ძლიერი გუნდი მიდის პრემიერის პრეს–კონფერენციაზე და ეს საზოგადოების მოთხოვნაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხულია, საკუთარ თავს ძლიერი გუნდი უწოდო და საზოგადოების სახელით ისაუბრო“, – ამბობს თამუნა ლეფსვერიძე.
პრემიერ–მინისტრის პრეს–კონფერენციას საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას აინტერესებს, საქართველოში ვინ ანიჭებს ჟურნალისტებს მედია–ექსპერტების და „პრადვინუტი“ ჟურნალისტების სტატუსს.
„ისე გამოდის, რომ შავერდაშვილი, ტუღუში და მათი მიმყოლ–მომყოლები არიან კაი ტიპები, ხოლო ჩვენ, დანარჩენი ჟურნალისტები მეორეხარისხოვანები ვართ. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ. „პრადვინუტი“ ჟურნალისტები, რომლებმაც დღეს ძალიან ჭკვიანი სახეებით დასვეს კითხვები, სტანდარტულ, პირველი კურსის სტატიას ვერ დაწერენ უშეცდომოდ. ნონა ყანდიაშვილს ამ შემთხვევაში ვერ გავამტყუნებ, რადგან ქარტიის ჟურნალისტებმა გუშინ ისეთი ამბავი ატეხეს სოციალურ ქსელებში, რომ პრემიერის პრეს–სამსახური მათ ამაზე უბრალოდ ვეღარ ეტყოდა უარს. ისე საერთოდ, ისიც მაინტერესებს, რა არის ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
მისი თქმით, საფრანგეთში არის ჟურნალისტთა პროფესიული კავშირი და ის გასცემს ჟურნალისტების პროფესიულ ბარათებს, რომლებითაც ჟურნალისტებს მუშაობის უფლება ეძლევათ. ფოფხაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი ჰყავს, მისთვის მაინც გაუგებარია ამ ორგანიზაციის ფუნქცია.
„ეს „ლიბერალი“ და ვიღაცეები უკვე ყელში ამოვიდნენ. გახსოვთ, ალბათ, თქვენ მაშინ pesage.tv იყავით, როდესაც ფოტოგრაფების საქმეზე ყველამ ერთად, თქვენი აქტიური მონაწილეობით შევძარით საზოგადოება. მაშინ ირმა ინაშვილი აქტიურობდა, თქვენი რედაქტორი გია იაკობაშვილი და ა.შ. მაშინ როგორც იქნა, ეს საკითხი ევროსტრუქტურებში გავიტანეთ, ხოლო ეს ტიპაჟები მაშინ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და იქიდან კმაყოფილი სახეებით გამოვიდნენ. ეს როგორ დამავიწყდება? და ესენი მიმტკიცებენ ჟურნალისტიკას და მორალს გვიკითხავენ?“, – აბობს გიორგი ფოფხაძე.