ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა აქტიური კარიერა 2012 წლის ივნისში ოფიციალურად დაასრულა. იმ პერიოდში მოთამაშეს მუხლის ტრავმა აწუხებდა.
დღეს დილით არგენტინულმა მას-მედიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ 38 წლის ვერონი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა. გაგიკვირდებათ და ხუან სებასტიანს კვლავ მოთამაშის ამპლუაში ვიხილავთ.
გუშინ ფეხბურთელი კლუბ „ესტუდიანტესს“ შეუერთდა და მომავალი სეზონისთვის აქტიური მზადება დაიწყო.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვერონი შემდეგ კლუბებში ასპარეზობდა: „პარმა“, „ლაციო“, „ინტერი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ბოკა ხუნიორსი“ და „ესტუდიანტესი“.
2008 და 2009 წლებში ვერონი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. თავის დროზე მოთამაშემ იტალიის, ინგლისისა და არგენტინის პირველობების ოქროს მედლები მოიპოვა.
ხუან ვერონი არგენტინის ეროვნული გუნდის რიგებში მსოფლიოს 1998, 2002 და 2010 ჩემპიონატებში ასპარეზობდა. თავისი ქვეყნის ნაკრებში 73 შეხვედრა აქვს ჩატარებული.