ცნობილი იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტის, 67 წლის არიგო საკის სახელი კარგად არის ცნობილი. ბატონმა არიგომ აქტიური საფეხბურთო მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და იტალიურ ტელევიზიებში სპორტულ კომენტატორად მუშაობს.
ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად საკის თანამემამულე კარლო ანჩელოტი დაინიშნა. დღეს დილით ამ მოვლენას ღვაწლმოსილი და ასაკოვანი ფეხბურთის სპეციალისტიც გამოეხმაურა და „კარლიტო“ დაუფარავად გააკრიტიკა.
„კარლო ანჩელოტის დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ. კარლო პრინციპული ადამიანია და საკუთარი აზრი ყოველთვის ბოლომდე გააქვს. მახსოვს, „მილანში“ მუშაობის პერიოდში სილვიო ბერლუსკონიმ ძირითად შემადგენლობაში ფილიპო ინძაგის დაყენება კატეგორიულად მოსთხოვა. „პაპა კარლომ“ სილვიოს „თხოვნას“ ანგარიში არ გაუწია და ინძაგი სათადარიგოთა სკამს არ მოაშორა.
„რეალის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დიქტატორული თვისებებით გამოირჩევა. როდესაც გავიგე რომ მოურინიომ „სამეფო“ გუნდი დატოვა არ გამკვირვებია. „ერთადერთი“ და დიქტატორი საერთო ენას ნამდვილად ვერ გამონახავდნენ.
ორი კვირის წინ კარლო ანჩელოტის დავურეკე და „რეალში“ წასვლისგან თავის არიდება ვურჩიე. ანჩელოტი ჩინებული ფეხბურთის სპეციალისტია და მუშაობის პროცესში „უფროსობის“ აზრებს არ ითვალისწინებს. კარლოს ვუთხარი რომ ფლორენტინო პერესთან თანამშრომლობა ძალიან გაუჭირდებოდა. მან არ დამიჯერა და „რეალთან“ ხელშეკრულება გააფორმა. არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ანჩელოტიმ მომავალი სეზონის დასრულებამდე მადრიდში თუ გაძლო ძალიან გამიკვირდება.“ - განაცხადა არიგო საკიმ.