სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, სპეციალური ფონდები შეიქმნა. მოსამზადებელი სამუშაო რახანია დასრულდა და გაზაფხულიდან სოფლის მეურნეობის დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი, რა ტიპის დახმარების მიღებაა შესაძლებელი, რა შეღავათები და უპირატესობები არსებობს, თუმცა დანარჩენმა ნაწილმა მხოლოდ ყურმოკვრით იცის, რომ სახელმწიფო გლეხებს და ბიზნესმენებს ეხმარება. აქვს თუ არა შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარება - რას წარმოადგენს თავისი არსით აღნიშნული პროექტი - ეს არის სოფლის მეურნეობაში ერთჯერადად გაღებული თანხები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახებ შედეგს არ მოგვცემს თუ ყინული მართლაც დაიძრა და დარგს, რომელიც საქართველოს სამი ხელისუფლების პირობებში მიტოვებულად ითვლებოდა, მართლაც რეალური პერსპექტივები გაუჩნდა.
რა არის სახელმწიფოს გასაკეთებელი და რა - გლეხის, ამ თემებზე ექსპერტი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.
ბატონო ემზარ, ვიდრე მთავარზე გადავიდოდეთ, მკითხველს განვუმარტოთ, სახელმწიფოს მხრიდან რა ხელსწყობაზეა საუბარი...
- სოფლის მეურნეობის პროგრამებში დღეს სამი მიმართულება გამოიყოფა. პირველი არის სოციალური, რომელიც გულისხმობს მიმდინარე საბრუნავი სახსრების შევსებას გლეხებისთვის და დროებით დახმარებას, მოხნას მიწა, მოსავალი აიღოს და ა.შ. ეს არის დაბალი დონის კრედიტები (1000 ლარი, 500 ლარი და ა.შ.) სწორედ ამ მიმდინარე სამუშაოებს ეხება.
მეორე მიმართულებაა კრედიტები, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებით ნაწილს - აქ სესხის მოცულობა სადღაც ექვსას ათას დოლარამდეც აღწევს. იგულისხმება - თქვენ მოიყვანეთ ყურძენი, დაწურეთ ღვინო, ჩამოასხით შეუთეთ და ა.შ. ან დაფნის ფოთოლი მოკრიფეთ და დააფასოეთ. კრედიტები ამ ტიპის ქარხნების რეკონსტრუქციისთვის არის საჭირო, ანუ ამას ბიზნესის სახე აქვს.
მესამე არის დიდი კრედიტები, დიდი პროექტები სოფლის მეურნეობაში. რომელიც თავისთავად ეფუძნება დიდ კაპიტალდაბანდებებს. ეს არის დიდი მოცულობის, 100-200 ჰა და მეტ მიწებზეა გათვლილი. პრაქტიკულად, ეს არის დიდი ბიზნესი და შესაბამისად, მას თანხებიც მეტი სჭირდება - 30- 50-მილიონამდე.
რამდენად შესრულებადია ეს პროექტი? აქამდეც გვინახავს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები, თუმცა შედეგი არ დამდგარა...
- პრობლემას წარმოადგენს მიმდინარე სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს - არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც დასაქმება, რეალური შემოსავალი სჭირდებათ.
არის მეორე, სტრატეგიული პრობლემაც - რა ვუყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას. სტრატეგიული გეგმა ბევრ კონკრეტული საკითხის გადაჭრას გულისხმობს. მასში შედის მიწის კადასტრის, მიწის საკუთრების, მისი ნაყოფიერების საკითხი, საერთოდ მიწის ფონდის მართვის საკითხი.
რაც შეეხება მსხვილ ბიზნესებს, ამ ტიპის დახმარების მიღება მათაც შეუძლიათ, თუმცა დაფინანსების მიღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბანკები პრაქტიკულად, ისეთ გარანტიებს ითხოვენ, რომ საეჭვოა, მსგავსი პირობები საქართველოში რომელიმე ბიზნესმა დააკმაყოფილოს.
- დღეს დაწყებულია მიმდინარე პრობლემების გადაჭრა. ასევე მუშაობენ დიდ პროექტებზე, სადაც ძირითადად, რამდენიმე საკითხია გადასაჭრელი.
დღეს აგრარული სექტორი არ არის კომერციულად მომზადებული. რაც არ უნდა ილაპარაკონ ბიზნესმენებმა, რაზეც არ უნდა გამოთქვან უკმაყოფილება, ფაქტია, რომ ეს ფონდი არსებობს კრედიტით. ბუნებრივია, ბანკები სესხს იძლევიან, მაგრამ პროცენტის დაფინანსება ხდება ამ ფონდიდან.
ბანკი ყოველთვის თხოულობს გირაოს, რომელიც ბიზნესმენებს არ აქვთ, ან არ აჩენენ და სურთ არაუზრუნველყოფილი კრედიტი მიიღონ, ამ შემთხვევაში, ამაზეა ჭიდილი. ვიღაცეებს უნდათ ექვსასი ათას დოლარიანი სესხი მიიღონ, სანაცვლოდ, ორასიათასიანი უზრუნველყოფაც არ აქვთ - ანუ აუმუშავებელი ნაკლებღირებულების საწარმო უნდათ შეაფასონ ძვირად და ამაზე ბანკი წამოიყვანონ.
ამის გარდა ხომ არსებობს რისკებიც - დიდ წარმოებას ბიზნეგეგმაში ძირითადად უწერიათ რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე რისკიანია და ბანკებისთვის ნაკლებ სარწმუნოა.
პრობლემა სწორედ ესაა - სესხის აღება უნდათ, ფულიც არსებობს, მაგრამ ვერ იღებენ. ბანკები რისკებიდან გამომდინარე უმკაცრეს პირობებს უყენებს საწარმოს, მათ კი არ შეუძლიათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.
არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა კომერციალიზაციის ნაწილში, გლეხს, ფერმერს არ შეუძლია ბიზნესწინადადება მოამზადოს პერსპექტიულად და მიმზიდველად. ამისთვის გარკვეულწილად, უნდა შეიქმნას ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ამ წინადადების მომზადებაში, მართვაში და უკან დაბრუნებაში.
გლეხის ფსიქოლოგია ძალიან რთულია. შარშან სეტყვის დროს სახელმწიფო დაეხმარა მათ და დღეს რომ კრედიტს აძლევს, ესეც დახმარება ჰგონია. გლეხი არ არის განწყობილი ასეთი ტიპის ურთიერთობებისთვის. თანაც, ზოგადად, სოფლის მეურნეობა ძალიან რისკიანი სექტორია.
აქედან გამომდინარე, სირთულე მდგომარეობს სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციაში და პროექტების არარსებობაშია. ის რაც არსებობს „ვითომ პროექტები“ ძალზე სუსტია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ვფიქრობ, პროცესი, რაც დაიწყო, დროში გაიწელება აუცილებლად.
როცა ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე, ამის პრაქტიკა ფაქტობრივად, არ გვქონია. გამოდის, რეალურად, მოუმზადებელი შევხვდით ყველაფერს. გლეხი ვერ ახდენს ბიზნესპროექტის წარდგენას, ბიზნესს არ აქვს უზრუნველყოფა ანუ ჩაკეტილ წრეში ვართ? გამოსავალი რა არის, რა უნდა მოხდეს?
- პრობლემა უფრო გლობალურია. როცა ქვეყანაში შენი მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრობს, ეს უკვე დიდი პრობლემაა - ჩვენ არ გვაქვს იმდენი მიწა, რომ 50% მოსახლეობისა, სოფლის მეურნეობაში დავასაქმოთ.
სოფლის მეურნეობა არ ითხოვს ამდენ მუშახელს, მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწები გასულ წლებში მცირე ნაკვეთებად დავარიგეთ და აღმოჩნდა, რომ პატარ-პატარა ნაკვეთებში ტექნიკის გამოყენება ეფექტური არ არის. ტექნიკური პრობლემები გლეხს საშუალებას არ აძლევს მიწა, რომელიც აქვს, არ ან ვერ დაამუშავოს.
რეალობა ასეთია - მან რომ გაყიდოს ეს მიწა დიდ კომპანიაზე, ეს კომპანია მას სამუშაოდ მიიღებს და უფრო მეტი ანაზღაურება ექნება, ვიდრე თვითონ რომ წვალობს და არაფერი გამოსდის, მაგრამ აქვე ფსიქოლოგიური ფაქტორიც ერთვება - მიწა აქვს ორი ჰექტარი, თოხნის და ჰგონია, რომ ეს მიწა არჩენს მას, სინამდვილეში ის ფლანგავს მიწის ფონდს.
სახელმწიფოს მიდგომა როგორია - სწორი იყო, ის გადაწყვეტილება რამდენიმე წლის დაუმუშავებელი მიწები აუქციონზე რომ გაჰქონდათ?
- მიწის ფონდი განსაკუთრებული ქონებაა. თქვენი კი არის, მაგრამ თუ არ გამოიყენებთ, იძულებული უნდა იყოთ, რომ გაყიდოთ - ეს მტკივნეული პროცესია.
როგორ შეიძლება მოხდეს ამ ფონდის ეფექტური მართვა?
- უნდა მოხდეს მიწის გადასახადის ეფექტური გამოყენება. აქამდეც უნდა შექმნილიყო ასეთი ფონდები - თან გაიძულებენ, მიწის საფასური გადაიხადო, თან გაძლევენ საშუალებას, რომ ფული მიიღო - პროგრამაში ჩაერთო და მოაწყო მეურნეობა შენს მიწაზე. ამის შეთანაწყობას დრო სჭირდება. ეს ერთ დღეში არ გაკეთდება, პროცესი უკვე დაწყებულია, ოღონდ ნელი ნაბიჯით მიმდინარეობს.
ანუ, ეფექტურობის მისაღებად უნდა მოხდეს გამსხვილება - ეს ხელოვნურად შეიძლება მოხდეს?
- ეს უნდა გააკეთოს ბაზარმა - მიწა უნდა გამოისყიდონ კონპანიებმა -აქ წმინდა მორალურ საკითხზეა ლაპარაკი, მტკივნეულ საკითხზე, რომ სოფლად არ უნდა ცხოვრობდეს 50% მოსახლეობისა. რომ გამსხვილდეს ეს კომპანიები, მაინც ვერ დასაქმდება ამდენი ადამიანი სოფლად, ამიტომ ჩვენ უნდა გავაჩინოთ ურბანული იდეა, სადაც მოხდება მიგრაცია ამ მოსახლეობის ამ ქალაქისკენ. მაგალითად, ავიღოთ X ქალაქი, სადაც იქნება ფაბრიკები, ქარხნები.
პროცესებს დააჩქარებს რუსეთის ბაზრის გახსნაც. ჩვენი აგრარული სექტორი მაინც მეტ-ნაკლებად მიბმულია რუსეთზე. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ იწყება - დაფნა, ვაშლი, ციტრუსი უკვე გავიდა და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა მოიხსნა, მაგრამ სოფლის მეურნეობის პრობლემის სრულად მოგვარებას ათწლეულები სჭირდება.
დავუბრუნდეთ ურბანულ პროცესს. ავიღოთ სოფელი, სადაც ხუთი ათასი კომლია - ეს უკვე არის მოზრდილი ქალაქი. ასეთ სოფელში წარმოუდგენელია, რამე ისეთი გააკეთო, რომ ეს ადამიანები დაასაქმო.
იყო დრო, როდესაც გვეჩვენებოდა, დიდი სოფლები კარგი იყო. მთა ცარიელდება სამეგრელოს მხარეს, რაჭაში, გურიაში, აჭარაში, მაგრამ ბევრ სოფელში ძალიან მჭიდრო დასახლებაა და გადატვირთულია სოფელი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მიწის ფონდის გამოყენების ეფექტურობისთვის აუცილებელი კონცეფციაა შესამუშავებული, რაც მთლიანი კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს.
ამის გარდა, სოფლის მეურნეობის მოწყობის სტრუქტურებზე დეტალურ გეგმას სახელმწიფო ვერ გააკეთებს - ასე სოციალიზმის ნაწილს შემოიტანს.
ასევე აუცილებელია კომერციალიზაციის გაღრმავება, შესაბამისად ტექნიკური დახმარებაა საჭირო, უნდა განისაზღვროს, სად, რა და რისთვის არის საჭირო.
კიდევ ერთი საკითხია - მარკეტინგი და სავაჭრო ხელშეწყობა, - იგულისხმება შესანახი მაცივრები, კამერები, გამოფენებში მონაწილეობა, პროდუქტის საბოლოო სახის მიღება. ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა მოხდეს.
კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორი - ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ვფიქრობ, დაწყებული პროცესები დასახვეწია. როდესაც ტექნიკური ჯგუფები გაჩნდებიან, კომერციალიზაციის, მიწის მართვის საკითხებში, ჯიშების და შეფუთვის ნაწილში, ამის შემდეგ ნელ-ნელა მოხდება ყველაფრის ათვისება.
დღეს რვაას მილიონს ჩვენი სოფლის მეურნეობა ვერ აითვისებს, არ აქვს ასეთი ბიზნესპროექტები (უზრუნველყოფილი). სწორი არ არის წარმოდგენა, რომ ერთ წელიწადში ჩვენ მოვახდენთ ამის იმპლემენტაციას - აი ეს არის პრობლემა.
არსებობს შემუშავებული გეგმა, სადაც გაწერილია საბოლოო მიზანი რა არის, რა ეტაპზე რისი გაკეთებაა საჭირო? ყოფილ ხელისუფლებას სტრატეგიული გეგმის უქონლობის გამო აკრიტიკებდნენ დღეს გვაქვს სამუშაო დოკუმენტი?
- ვიცი, რომ ეკონომიკის სტრატეგიული გეგმა მუშავდება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, ექსპერტებიც ვართ ჩართულები. ეს გეგმა ყველა საკითხს მოიცავს, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა „მშპ-ს“ სერიოზული მდგენელია და ცალკე სოფლის მეურნეობის განხილვა წარმოუდგენელია. სერიოზული მოსაზრებები მუშავდება, სტრატეგიაზე მეცნიერულ დონეზეც კი მუშაობენ.
ალბათ, შემოდგომაზე მოხდება მისი განხილვა, დახვეწა და სავარაუდოდ, 2014 წელს დაიწყება იმპლემენტაცია. სტრატეგიის შემუშავება, გათვლა უცებ დაწყება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
როგორც აღნიშნეთ, მიმდინარე საკითხების მოგვარებაც ხდება და მეორე მხრივ, სტრატეგიაც მუშავდება, თუმცა უმუშევრობა სოფლად და ქალაქად კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება...
- ეს პროცესი ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ მთავრობის ნებაზე. ამაზეც არის კამათი, რომ რა უნდა ქნას მთავრობამ, დაღეჭილი, დაწვრილმანებული გეგმები უნდა შეიმუშავოს და ამას უნდა მიჰყვეს, თუ სტრატეგიულად ხელი შეუწყოს ფულის ხელმისაწვდომობას და დანარჩენი გადაწყვიტოს სოფელმა და ბაზარმა.
მოცემულ რეალობაში რა უფრო ეფექტური იქნებოდა?
- ბოლო წლებში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა დაამსხვრია ყოველგვარი მითი თავისუფალი ბაზრის ბატონობის შესახებ. რეალურად, ყველა დიდი ბაზარი იმართება პოლიტიკის მიერ. ყველაზე წარმატებულ აგრარულ ქვეყნებში, იქნება ეს ბრაზილია თუ ავსტრალია, სახეზეა, რომ-სამ კომპანიას უჭირავს ბაზრის 85% და ოლიგოპოლიების ბაზართან გვაქვს საქმე - ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი სერიოზული აგრარული სექტორია, რომელმაც თავისი ნაყოფიერებით ჰექტარზე ასორმოცდაათი ცენტნერს გადააჭარბა. კანადის და ამერიკის შემთხვევაში ანალოგიურად ხდება. ასეთ მაგალითებს თუ ავიღებთ, ვერ ვიხსენებ, თავისუფალმა ბაზარმა სად დააყენა ფეხზე სოფლის მეურნეობა.
აფრიკაში გვაქვს ბევრი ასეთი მაგალითი - ახალი ხელისუფლების მოსვლამ როგორ დაანგრია მოზამბიკში და ზიმბამბვეში, კენიაში აწყობილი ჩაის და სოფლის მეურნეობა. დღევანდელი მაგალითებიც ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მკაცრი და სერიოზული ჩარევით ხდება სოფლის მეურნეობის სექტორის აღორძინება.
როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს როლის გაზრდაზე , რა აზრი აქვს სახელმწიფოს ჩარევას და დახმარებას თუ კრედიტს ვერ აიღებ შესაბამისი უზრუნველყოფის გარეშე, ხოლო თუ უზრუნველყოფა გაქვს, კრედიტს სახელმწიფოს დახმარების გარეშეც აიღებ...
- თავი უნდა დავანებოთ გლეხებისთვის ამდენი ფულის ჩუქებას. ისინი ფსიქოლოგიურად განადგურდნენ. სეტყვა ყოველ წელს იქნება და მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ დავზარალდი და დამეხმარეთო, არასწორია. ხომ ვნახეთ მისცეს დახმარება და მანქანები იყიდეს. არსებობს მოსავლის დაზღვევის სისტემა, რომლის ამოქმედებაც შეიძლება და თუ ვინმეს სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა, კეთილი უნდა ინებოს და დააზღვიოს, სახელმწიფომ შეიძლება ამ სადაზღვევო სისტემას გაუხსნას გზა.
მეორე - უნდა შეიცვალოს ფსიქოლოგია, კოოპერაციის პროცესი უნდა დაიწყოს. იმდენად შეგვაშინა კოლმეურნეობამ და კოოპერატივებმა ეს სიტყვები კვლავ „ალერგიას“ იწვევს, მაგრამ კოოპერირება ყველგან ხდება მსოფლიოში. ჩვენი წინაპრების დროსაც ხდებოდა.
სახელმწიფოს მიზანდასახული პოლიტიკა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია. გლეხი უნდა მიაჩვიო, რომ კრედიტად აღებული 10 ლარი, საბოლოო ჯამში, თქვენ თხუთმეტი ლარი გიჯდებათ, და თქვენ თუ არ გაქვთ ათი ლარის დაფარვის ზურგი, ამ ათ ლარს ვერ მიიღებთ და თუ მიიღებთ, ამით ქვეყანა დაიღუპება.
თუმცა სარწყავი სისტემა რომ აღადგინოს სახელმწიფომ, ეს აუცილებელია, ის რომ რეგიონალური სარეალიზაციო ცენტრები შეიქმნას, ესეც აუცილებელია, ტექნიკა ხელმისაწვდომი რომ იყოს ტრაქტორის სახით, ესეც აუცილებელია, ნერგები და თესლები რომ იყოს ხელმისაწვდომი, ეგეც აუცილებელია.
მაგალითად ამერიკაში, სხვა ქვეყნებშიც, ბიზნესინკუბატორები არსებობს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტიპის პროექტი მომზადდეს, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვასწავლოთ გლეხს ბიზნესის კეთება?
- თქვენ გულისხმობთ იმას, რაც პოლონეთმა გაიარა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ - სწორედ იმაზეა ლაპარაკი რაც მე გითხარით - ეს არის სოფლის კომერციალიზაცია. ინკუბატორი არ მიხსენებია რადგან სოციალისტურ ასოციაციებს იწვევს. უნდა არსებობდეს ცენტრები, რომლებიც მოგცემენ ინფორმაციას, რომელი საწამლავი ჯობია. კონკურენტულ გარემოში გეტყვიან, რომელი ჯიში ჯობია, მიწის ბიოქიმიურ ანალიზს მოგცემენ და გეტყვიან რა უკეთესია მოიყვანო და თქვენ გადაწყვეტთ, როგორ უნდა აწარმოოთ თქვენი ბიზნესი.
თუმცა, მთავარია, შემდეგ როგორ გაყიდიან პროდუქციას...
- დღეს საქართველოში იმდენი პროდუქციაც არ მოდის, რომ ადგილობრივი ბაზარი დაკმაყოფილდეს. ხორბლის მოთხოვნის დაახლოებით -15% გვაქვს დაკმაყოფილებული, შაქარზე არ არის ლაპარაკი -5%-საც ვერ ვაკმაყოფილებთ, გორის ვაშლი აკმაყოფილებს ჩვენი მოთხოვნის -20%-ს, დანარჩენი სომხურ გენური ინჟინერიის ვაშლზე მოდის. ხორცის -80% შემოტანილია, ბრინჯი, მარცვლეული, ბურღულეული, ყველაფერი შემოტანილია, ცხიმების -90% შემოტანილია.
მეტი პოტენციალი არ გვაქვს?
- ამ მეთოდით მეტი პოტენციალი არა გვაქვს. რაღაც რაოდენობაზე მეტ ყურძენს ვერ მოვიყვანთ. ხორბალში შედარებით მეტი რესურსია. ხუთ ცენტნერამდე გაიზარდა ჰექტარზე მოსავალი და არაუშავს, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ 50 ცენტნერამდე მივიდეთ, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ იმის იქით ხომ ვერ წახვალ - ზედა თეორიული ზღვარი წარმადობის არსებობს, რა რესურსი გაგვაჩნია.
ასეა ყველაფერში, არ მჯერა, რომ მანდარინი გადაყარეს. ისწავლეს გლეხებმა შენახვა და თებერვალ-მარტამდე ყიდდნენ ქართულ მანდარინს. ჩვენი პრობლემა არის შეფუთვა, შენახვა, მოყვანა და კეთილსინდისიერება.
გლეხი პოლიტიკური გახდა, მიტინგს შეეჩვია, წუწუნს შეეჩვია, არაგულწრფელია. რატომაც არა, თუ იჩხუბებთ, მიტინგს ჩაატარებთ, ფულს მოგცემენ. თუ გაგდით - იტირებთ.
ჩვენ რეალურად მივედით იქამდე, რომ ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ კეთდებოდა, ეს იყო ერთგვარი სლოგანი, პოლიტიკური ნაწილი და იმის გააზრება არ მომხდარა, რეალურად როგორ და რა გზებით უნდა მივსულიყავით ამ შედეგებამდე, რასაც ჰქვია სოფლის მეურნეობის აღორძინება...
- სოფლის მეურნეობას ვერაფრით ვერ ააღორძინებ გლეხების გარეშე. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ღია ბაზარი, ტრანსპორტი, ტექნიკა, თუ გაქვთ რესურსი - აიღოთ სესხი, როგორც წესია, მაგრამ მე თქვენს მაგივრად ვერ მოვხნავ, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, პასუხს ვერ ვაგებ და ა.შ. თუ არ გაანძრევ ხელს, მთავრობა ვერ გაგიკეთებს ყველაფერს.
თავის დროზე დაახლოებით იგივეზე ამბობდა ბენდუქიძის დაჯგუფება, თავისუფალ ბაზარს, მიწების კომერციალიზაციას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ წარმატებული სოფლის მეურნეობა ვერ მივიღეთ. დღეს არსებობს ასეთი შანსი?
- ამას ბენდუქიძე არ სჭირდება. არსeბობს ურბანული მართვის თეორიები, პრაქტიკა და რეალობაც არსებობს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თავისუფალი ბაზარი ააღორძინებს სოფლის მეურნეობას, თუმცა იმისგანაც შორს ვარ, თუ კაცს პასუხი არ მოვთხოვეთ, ელემენტარულად, ის მიეჩვევა, რომ თქვენ სუბსიდიას უკეთებთ.
საქართველოში წლების მანძილზე სოფლის მეურნეობა იყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. მოვიდოდა ჯანღონიანი გამგებელი, დედას აგინებდა ყველას, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და იყვნენ ცხვრებივით გაჩუმებულები... არჩევნების წინ იწყებოდა თქვენ დაგეხმარეთ და ჩვენც დაგეხმარებითო - არჩევნებამდე არ იყო სეტყვა კახეთში? 2012 წლამდე არ იყო სეტყვა და წარღვნა? - ვინმე დაეხმარა გლეხებს?!
ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაწილი ის არის, რომ მთელი გლეხობა პოლიტიკურ იწილო-ბიწილოშია ჩართული. გუშინდელი ხელისუფლება იძახის, დააფინანსეთ გლეხებიო. თვითონ კი მაგის მეათედიც არ დაუფინანსებიათ.
რა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, ნელ-ნელა რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?
- ვფიქრობ, ათი წელი სჭირდება, რომ ნაწილობრივ მოგვარდეს სოფლის მეურნეობის პრობლემა. მინიმუმ სამი წელი მაინც უნდა, რომ მენტალიტეტი შეიცვალოს, რომ თქვენს გასაკეთებელის სხვა არ გააკეთებს. სხვა დანარჩენი, სწრაფად ვერ დალაგდება.