არ ვიცი, რა უვარდებათ ხოლმე თავში ქართველ ე.წ. "ვარსკვლავებს", მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საკუთარი კარიერის დასაწყისში ინტერვიუებს აქტიურად იძლევიან, თუკი რაიმე აქვთ გასაპიარებელი, ათასჯერ შეგაწუხებენ, სანამ მათთან ინტერვიუს ჩაწერ, თუმცა მერე, როდესაც ჟურნალი თავად არის დაინტერესებული, რომ მათთან ინტერვიუ ჩაწეროს, ნურას უკაცრავად... ან ტელეფონს არ იღებენ, ან თუ აიღეს, ისე გპასუხობენ, რომ ჯობდა, არაღების პრინციპით ეხელმძღვანელათ.
ია ფარულავამ თავისი წიგნი რომ გამოსცა (რომელსაც არავინ კითხულობს), "რეიტინგის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუზე დაურეკა, სიამოვნებით დათანხმდა, მაგრამ რად გინდა? ამ წიგნის გარდა სხვა არაფერზე არ უნდოდა ლაპარაკი და ერთი-ორი სიტყვა ძლივს ამოგლიჯა ჟურნალისტმა ფადი ასლის შესახებ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ია და ფადი ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ. მერე, როცა მეუღლეს დაშორდა, ეს ამბავიც დასაპიარებლად გამოიყენა, უფრო სწორად, ალბათ უფრო ქალური შურისძიებისთვის და ისევ მოაღო პირი პრესასთან, ფადის რთული პერიოდები ჰქონდა და მე აქტიურად ვედექი გვერდითო, ესაო, ისაო. ამასობაში, ფადი ასლიმ ახალი რჩეული იპოვა, ანა ონიანი, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მცირე ხნის წინ მასაც დაშორდა. ალბათ, ასლისთვის ძნელი დასავიწყებელი იქნება, როგორი კმაყოფილი სახე ჰქონდა "დღის შოუში" ია ფარულავას, როცა ანა ონიანის სკანდალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით აკეთებდა კომენტარს,… მოგვიანებით ეს კადრი "დღის შოუს" ანონსშიც მოხვდა.
მას შემდეგ, რაც იამ "დღის შოუ" დატოვა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ სცადეს ჩვენმა ჟურნალისტებმა. ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას ია ფარულავამ ასე უპასუხა - "რეიტინგიდან" ხააარ? რა უნდა მკითხო ისეთი, რაც უკვე არ უკითხავთ? ჩემთვის "სარკე", "გზა", "რეიტინგი" ერთი ხართ ყველა. არ გაძლევთ ინტერვიუს…, და დაუკიდა ყურმილი. მოგვიანებით ჩემი კოლეგა მეუბნებოდა, აქამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ ია ფარულავას ისეთი ინტონაცია ჰქონდა ლაპარაკისას, მგონი, ეთერ კაკულიას ჰბაძავს ძალიანო.
არადა, ია ფარულავასთვის რა "ბომბი" შეკითხვა გვქონდა მომზადებული, ჯერ კიდევ არ იცის, მაგრამ ახლა გაიგებს. მისთვის გვინდოდა გვეკითხა იმ ვითომდა გასაიდუმლოებული რომანის შესახებ, რომელიც რაჭის ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძესთან აქვს. პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ფარულავას გარემოცვაში ძალიან ხშირად ხედავენ. როგორც ამბობენ, წყვილი თავის გრძნობებს უკვე აღარ მალავს, თუმცა მანამდე საკმაოდ რთული გზის გამოვლა მოუხდათ. ოთარ სირაძემ იას გამო ოჯახი დაანგრია. როგორც ამბობენ, სირაძის ყოფილი მეუღლე ჯუნა ჩიქოვანი ამ თემაზე კომენტარს გაურბის… თუმცა თავის დროზე მისი ახლობლები აქტიურობდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა "ფეისბუქზე" ჯუნას ფოტო განათავსა წარწერით, აი, ამ მშვენიერ ქალს დაუნგრია ოჯახი ია ფარულავამო, რაზეც გუბერნატორისგან საკმაოდ უხეში მესიჯები მიიღო, ჩვენს ცხოვრებაში ნუ ერევი, მე და ია უკვე დავშორდითო.თუმცა ორიოდ კვირის წინ იმავე ფარულავასთან ერთად შარდენის აზიურ ბარში ნარდს აგორებდა მშვიდად და არც არავის ემალებოდა…. არადა, 2008 წლის აპრილში, მაშინ ჯერ კიდევ რაჭის გუბერნატორი ჩვენთან ინტერვიუში შემდეგს ამტკიცებდა: " ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემი ოჯახის ღერძი და ხერხემალია. ის არის სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, თუმცა ბოლო პერიოდში მძლავრი ქალთა ორგანიზაცია შექმნა, რაც კი რაჭის ისტორიაში საერთოდ ყოფილა…". ასე აფასებდა მეუღლეს, სანამ ია ფარულავას შეხვდებოდა, თუმცა ტელეწამყვანისა და მსახიობის ხიბლით თოთხმეტწლიანი ოჯახი დაანგრია.
როგორც ყოველთვის, ამ რუბრიკაში არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ იამ თავისით "გაიჩალიჩა" - სანამ ჟურნალისტს ყურმილს დაუკიდებს, მანამდე გაიგოს ხოლმე, რა შეკითხვა აქვთ მასთან და მისი კომენტარიც მოხვდება მასალაში. თუ არადა, ასე გვერდიდან მოუწევს წაკითხვა და მერე ისევ ჩვენზე გაბრაზება….
დაბოლოს, იას სხვადასხვა პერიოდის ფოტოებთან ერთად გთავაზობთ ამონარიდებს იმ ინტერვიუებიდან, რომლებიც ია ფარულავას მოუცია ჩვენთვის თავისი "კაშკაშა" კარიერის განმავლობაში,… თუმცა ფრაზების მოძიება ამ შემთხვევაში ცოტა რთულიც კი აღმოჩნდა, იმდენად "მრავლისმთქმელია" მისი ინტერვიუები.
2009 წლის დეკემბერი - "ფასდაკლებებზე აღარაფერს ვყიდულობ. ეს არის ჩემი ახალი დევიზი"
2010 წლის აპრილი - "ამერიკაში ბიბლიოთეკიდან წამოვიღე ერთი წიგნი და აღარ დავაბრუნე, დამავიწყდა მიტანა, არ გეგონოთ, განზრახ მოვიპარე"
2010 წლის ივნისი - "საკურორტო სიყვარული უბრალოდ ვნებაა. როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და მათ შორის არავითარი ვალდებულებები არ არსებობს. მე ასეთი სიყვარული არასდროს მქონია".
2010 წლის აპრილი - "მიმაჩნია, რომ ჩემში დევს ინტელექტი. მაგრამ მე უფრო ემოციურად ინტელექტუალი ადამიანი ვარ, ეს გახლავთ ახალი ტერმინი, რომელიც ამერიკაში ფსიქოლოგიის დარგში დაინერგა"
რაც შეეხება ჩვენს ახალ წამოწყებას, სხვა ცნობილი ადამიანების ინტერვიუებიდან საინტერესო ფრაზებს შემდეგ ნომრებშიც შემოგთავაზებთ.