ვახტანგ კაპანაძე:  არ ვთვლი, რომ ნატო-ში შესვლის განაცხადის გაკეთების შემთხვევაში საქართველოს რაიმე საფრთხე მოელის, რადგან რუსეთს ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ

ვახტანგ კაპანაძე: არ ვთვლი, რომ ნატო-ში შესვლის განაცხადის გაკეთების შემთხვევაში საქართველოს რაიმე საფრთხე მოელის, რადგან რუსეთს ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ "სცხელა"

მობილიზაციას რუსეთი შეძლებს, ვინაიდან, რესურსი მას საკმარისად აქვს, მაგრამ ხარისხი იქნება ძალიან დაბალი, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის" მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, რუსეთის მიერ მობილიზებული ჯარისკაცები „სანგრების შესავსებად საზარბაზნე ხორცი“ იქნებიან.

„სამხედრო ხელოვნებაში რაოდენობას ხარისხის სტატუსი გააჩნია. ეს დიდი რაოდენობით ხალხი, რა თქმა უნდა, არ არის ეფექტური შეტევითი მოქმედებების დაწყებისთვის, მაგრამ მათი თავდაცვაში ჩაყენებით რუსეთმა შეიძლება, შეავსოს „ღრიჭოები“, რომელიც გააჩნია გადაჭიმულ ფრონტზე. ფაქტობრივად, ეს გაწვევა რომ არ გაეკეთებინა პუტინს, მას ჰქონდა, არჩევანი, ან ხერსონი-ზაპოროჟიე ან დონბასი. ამ ორიდან უნდა აერჩია ერთ-ერთი, რომელი დაეცვა. ახლა ამ ძალებით ის შეძლებს გარკვეულწილად დაცვის სიღრმის და სიმკვრივის გაზრდას.

მობილიზაციას რუსეთი შეძლებს, ვინაიდან, რესურსი მას საკმარისად აქვს, მაგრამ ხარისხი იქნება ძალიან დაბალი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს იქნება მართლა საზარბაზნე ხორცი და სანგრების შესავსებად გამოსაყენებელი ხალხი თავდაცვაში, მეტი არაფრისთვის. უკვე პრობლემაა მათი აღჭურვა კი, სწრაფად გაიწვიეს, მაგრამ სწრაფად გაწვევას თავისის პრობლემები აქვს იმიტომ, რომ სწრაფად გაწვევის დროს ვერ ასწრებენ მათ მომზადებას და შესაბამისად აღჭურვას“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსეთი ფრონტზე აბსოლუტურად თავდაცვით პოზიციაშია და ინიციატივა უკრაინის მხარესაა.

„ყველაზე მთავარი დღევანდელი გადასახედიდან არის ის, რომ სტრატეგიული ინიციატივა აბსოლუტურად უკრაინის მხარესაა. უკრაინა ირჩევს დარტყმის რაიონს, დროს, ფორმებს და ყოველთვის ასწრებს ამაში რუსეთს. რუსეთი არის დაცვის პოზიციაში აბსოლუტურად“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ამასთან, ვახტანგ კაპანაძემ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, უკრაინის მიერ დაჩქარებული წესით ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პარალელურად რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს და რას იზამს რუსეთი დღეს რომ საქართველომ ნატო-ში წევრობის განაცხადი გააკეთოს.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში საქართველო რუსეთიდან რაიმე საფრთხეს არ უნდა ელოდოს, რადგან რუსეთს „ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცხელა“,

„განაცხადი არ ნიშნავს მიღებას. განაცხადი დაჩქარებული წესით მიღებაზე შეიძლება გავაკეთოთ, თორემ ჩვენ დიდი ხანია განაცხადი გაკეთებული გვაქვს. უკრაინაზე გაცილებით უფრო ადრე ვიყავით ნატო-სთან, მაგრამ მიზეზების გამო ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. მე ახლა არ ვთვლი, რომ განაცხადის გაკეთების შემთხვევაში რუსეთიდან რაიმე საფრთხე მოგველოდეს, რუსეთს ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცხელა“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.