არ იქნება ურიგო შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომლითაც მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ ავუშენებთ, იმ ბინაზე მიწერილი იყოს, "ეს ბინა აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე" - მე მინდა ასეთი კანონპროექტი შემოგთავაზოთ და თუ გაბედავთ, რომ ეს კანონპროექტი მიიღოთ, მადლობელი ვიქნები, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ბინა და კარგი ცხოვრება.
„ხშირად არის ხოლმე აღქმული, რომ ბიუჯეტი რომ იზრდება ეს კარგია და ხარჯი, რომ იზრდება ეს კარგია და მაგალითად, პოლიციელებს ბინებს, რომ ვუშენებთ კარგია და ა.შ. ზოგადად პოზიტიურად არის ხოლმე ეს აღწერილი და არაფერი არ არის ნათქვამი, რომ ეს ადამიანების ფულია, რომელიც წავართვით ხომ?! არ იქნება ურიგო შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომლითაც მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ ავუშენებთ, იმ ბინაზე მიწერილი იყოს, ეს ბინა აშენდა - ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. რთველს, რომ დავაფინანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ვალი გავუზარდეთ და ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ფონზე მოხდა, ანუ სიმართლე რომ ვუთხრათ ადამიანებს, რადგან ისე გამოდის, რომ მე, რომ ახლა ვთქვა არ ავუშენოთ პოლიციელს ბინა-მეთქი - ოხ, როგორ შეიძლება პოლიციელი ადამიანია, ოჯახი ყავს და ბინა, როგორ არ სჭირდებაო... ყველა ადამიანს სჭირდება ბინა და კარგი ცხოვრება, ეს ხომ თავისთავად ცხადია. ვიღაც ადამიანს ვართმევთ ფულს, ვიღაცას ვაძლევთ, თან ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს, ანუ მომავალი თაობების ხარჯზე ვცხოვრობთ და იმის ნაცვლად, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ, ჩვენ ხარჯებს ვზრდით. ბევრად უფრო მარტივი იქნება თუ სიმართლეს ვიტყვით. სანამ ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ბიუჯეტის ზრდა რაღაც კარგი საქმეა და ბიუჯეტმა თუ რთველი დააფინანსა ჰაერიდან ჩამოვარდა ეს ფული, მანამდე გვექნება პრობლემები. მე მინდა ასეთი კანონპროექტი შემოგთავაზოთ და თუ გაბედავთ, რომ ეს კანონპროექტი მიიღოთ მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.