გიორგი ვაშაძე: უუნარობა უნიათობიდან და ღიად პრორუსულობისკენ - ესაა „ქართული ოცნება“ - პროევროპელი სააკაშვილი ციხეშია, პრორუსი ოლიგარქი კი ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი

გიორგი ვაშაძე: უუნარობა უნიათობიდან და ღიად პრორუსულობისკენ - ესაა „ქართული ოცნება“ - პროევროპელი სააკაშვილი ციხეშია, პრორუსი ოლიგარქი კი ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი

უუნარობა უნიათობიდან და ღიად პრორუსულობისკენ - ეს არის „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წელი.

ვაშაძის განცხადებით, ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მმართვის რუსული სტილი დაამკვიდრა, რომლის დროსაც ხალხი უღარიბესია და ელიტა - ძალიან მდიდარი.

„NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 61% ვერ ყიდულობს საჭმელს, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც რუსეთს ახასიათებს, ელიტა არის ზემდიდარი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დაფრინავენ ვერტმფრენებით, კერძო თვითმფრინავებით, როგორ განცხრომაში ცხოვრობენ, ქუჩაში არ დადიან, ხალხს არ ელაპარაკებიან. ხალხი არის უღარიბესი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ასობით ათასი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან გადის და ასობით ათასი ადამიანი რუსეთიდან შემოდის. ეს არის „ქართული ოცნება“, მათ საქართველო, როგორც რეგიონის ცენტრი, რეფორმების მაგალითი, ჩამოშალეს თავიდან ბოლომდე. NDI-სი კვლევაში ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები არ არიან ამაყები, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. აქაც კი, ფაქტობრივად, ჩვენს ისტორიულ მინიმუმზე ვართ. შესაბამისად, ამოცანა ნომერი ერთი არის, რომ ეს პრორუსული ძალა, ანტიეროვნული, ანტიქართული ძალა რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ ხელისუფლებიდან. რუსეთში გაიხედეთ- ხალხი უღარიბესია, ოლიგარქები, იახტები, უზარმაზარი სახლები, მილიარდები- ზუსტად ეს მოდელია რაც დღეს საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის წლისთავთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, როდესაც „პროევროპელი სააკაშვილი ციხეშია, პრორუსი ოლიგარქი თავისი რეჟიმით კი ბატონ-პატრონია“.

„ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას როგორც მინიმუმ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. მეორე, მე მინდა მოვუწოდო, თუ თვითონ არ იბრძოლა თავისი ორგანიზმის სისუსტესთან, მერწმუნეთ, რომ დღეს ხელისუფლებაში არსებული პრორუსები, ძალიან ბედნიერები იქნებიან თუ მძიმედ დასრულდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ბრძოლა დიდია, ამ ბრძოლაში ყველა დასავლეთის მხარდამჭერი ერთად უნდა დავდგეთ, პროევროპელი ერთად უნდა დავდგეთ. ბრძოლის ხაზი გადის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლისთავზე ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ალბათ არის ის, რომ პროევროპელი სააკაშვილი ციხეშია, პრორუსი ოლიგარქი თავისი რეჟიმით ბატონ -პატრონია ამ ქვეყანაში. ამ უსამართლობასაც ძალიან მალე დავასრულებთ!“- განაცხადა ვაშაძემ.