„ჩელსიმ“ რუნის ყიდვა მოისურვა

„ჩელსიმ“ რუნის ყიდვა მოისურვა

ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდის გამოცვლა მოისურვა.

მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა გასაქცევად გამზადებულ მოთამაშეს რამდენჯერმე ესაუბრა. რუნის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესიც ელაპარაკა. თითქოს „ურჩმა“ თავდამსხმელმა „იუნაიტედში“ დარჩენა კიდევ ერთი წლით მოისურვა. მაგრამ...

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დიდია ალბათობა ახალი სეზონიდან რუნი ლონდონის „ჩელსიში“ ვიხილოთ. ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიო რუნის გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეხვდა და ლონდონში გადმოსვლაზე დაითანხმა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 27 წლის თავდამსხმელს 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. რომან აბრამოვიჩი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქისა და „ხურდაში“ რომელიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით რუნის მომავალი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გადაწყდება.