ალან რიკმანის დღიურის ნაწყვეტები, რომელიც წლების განმავლობაში ჰარი პოტერის "საყვარელი" შხამ-წამლების პროფესორის, სევერუს სნეიპის, როლს ასრულებდა, წელს Guardian-მა გამოაქვეყნა. მსახიობის პირად ჩანაწერებში ვკითხულობთ, თუ რას ფიქრობდა რიკმანი ჰარი პოტერის ფილმებში მონაწილე სხვა მსახიობებზე, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებზე.
მაგალითად, ჩანაწერებიდან ცნობილი გახდა, რომ ალან რიკმანს ჰერმიონ გრეინჯერის როლზე დამტკიცებული მსახიობის, ემა უოტსონის, შესრულება, თავდაპირველად არ მოსწონდა. განსაკუთრებით კი აკრიტიკებდა მის დიქციას.
რიკმანმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ჰარის როლის შემდეგ დენიელ რედკლიფის, როგორც მსახიობის, კარიერა ვეღარ განვითარდებოდა:
"მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ის მსახიობია, მაგრამ მომავალში მგონია, აუცილებლად ვიხილავთ რეჟისორის ანდა პროდიუსერის ამპლუაში," — წერდა რიკმანი დენიელის შესახებ.
ჰარი პოტერის საკულტო ფილმებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დენიელ რედკლიფს ნათამაშები აქვს ისეთ პროექტებში, როგორიცაა Horns, Swiss Army Man, Imperium და The Lost City. ის მონაწილეობას მიიღებს ბიოგრაფიულ კომედიაში — Weird: The Weird Al Yankovic Story.
მას არ ჩამორჩება ემა უოტსონიც, რომელმაც მაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი ფილმებითაც, როგორიც The Perks of Being a Wallflower, Beauty and the Beast და Little Women.