ზელენსკის განცხადება პასუხი იყო პუტინის შანტაჟზე… რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ბლეფია! – ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ეს პუტინის შანტაჟზე პასუხი იყო. იმიტომ, რომ მოაწყო მთელი ეს დავიდარაბა იმისთვის, რომ უკრაინული ჯარის კონტრშეტევა შეეჩერებინა. იმიტომ, რომ რუსეთი გარბის იმ ტერიტორიიდან, მისი ჯარი მარცხდება. ანექსირების მეშვეობით შეეცადა, რომ იურიდიულად გაეფორმებინა რუსეთის ტერიტორიად, რათა სახე მისცეს დეოკუპაციისა, რომ ეს რუსეთზე თავდასხმად და აგრესიად წარმოაჩინოს.
რაც შეეხება რუსეთის ბირთვული იარაღის დოქტრინას, იქ წერია, რომ რუსეთს ამ იარაღის გამოყენება შეუძლია იმ შემთხვევაში თუ რუსეთს თავს დაეხმევიან და მის მიმართ გამოყენებული იქნება აგრესია. დღეს წარმოაჩინა ისე, თითქოს აქეთ თავს დაესხა უკრაინა თავს რუსეთს და ამ შანტაჟის პასუხად, ზელენსკიმ გასცა პასუხი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებით,” – ამბობს ზაკაევი.
კითხვაზე, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი არსებობს თუ ეს მოლოდინი გადაჭარბებულია? – ასე პასუხობს:
“ეს რომ მხოლოდ პუტინზე იყოს დამოკიდებული, მაშინ ასეთი საფრთხე იქნებოდა. უკვე არა იმიჯისთვის იბრძვის და რუსეთის ტერიტორიების გასაფართოებლად, არამედ ეს პუტინის პირადი ომია და გადარჩენისთვის იბრძვის. მას სურს გამარჯვება უკრაინასთან, რადაც არ უნდა დაუჯდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო არ წყვეტს ასეთი მასშტაბის საკითხს. ვთვლი, რომ ეს არის ბლეფი,” – თქვა ახმედ ზაკაევმა.