დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თავისი განცხადებით საბოლოოდ წერტილი დაუსვა გიორგი ვაშაძეს როგორც პოლიტიკოსს. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენც და საზოგადოებაც დღითიდღე ვრწმუნდებით იმაში, რომ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადავდგით, როცა ვთქვით, რომ საზოგადოება უნდა შევაიარაღოთ ინფორმაციით. გუშინდელი ჩვენი განცხადებებით და ელჩის დღევანდელი კომენტარით ზუსტად ეს დადასტურდა. ელჩმა მყისიერად გააკეთა ადეკვატური კომენტარი ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით. თავად ის ფაქტი, რომ ელჩი გაემიჯნა ვაშაძის საფრთხის შემცველ განცხადებას, ნიშნავს იმას, რომ საელჩოში უკვე მობეზრდათ ვაშაძის მხრიდან ამერიკის დამოწმება. თქვენ გახსოვთ, რომ ზაფხულში ვაშაძე იმყოფებოდა ვაშინგტონში და იქიდან დააანონსა, თითქოს ის შეთანხმებულია ამერიკელებთან, რომ ვადამდელი არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, და ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ შემოდგომის „ცხელი აქციები“ დააანონსა და ესეც ტყუილი გამოდგა. ახლა აშშ-ის ელჩმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა ვაშაძეს როგორც პოლიტიკოსს. ისედაც გაკოტრებული იყო, მაგრამ ახლა პრაქტიკულად ნულზე დაჯდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი განცხადებით და ელჩის ამ კომენტარით საზოგადოება დარჩა ორმაგად მოგებული. ასე დაემართება ყველას, ვინც „ხალხის ძალას“ დაუპირისპირდება და სიმართლეს არ იტყვის. ჩვენ რომ გუშინ განცხადება არ გაგვევრცელებინა, ვაშაძის ეს განცხადება იქნებოდა დაკიდებული დამოკლეს მახვილივით. კითხვის ნიშნები იქნებოდა საზოგადოებაში, მართლა იყო ასე თუ არა. კარგია, რომ ელჩი გაემიჯნა ვაშაძის განცხადებას, მაგრამ ჩვენი თხოვნაა, რომ გაემიჯნოს სხვა საფრთხის შემცველ განცხადებებს, მაგალითად უკრაინელი დეპუტატის, გონჩარენკოს მოწოდებას ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ის პირდაპირ მოგვიწოდებს აფხაზებს და ქართველებს, რომ სამხედრო გზით გადაწყვიტოთ კონფლიქტი, იმიტომ რომ თურმე შესუსტებულია რუსეთი. არადა ჩვენ გვაქვს შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.