დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ლონდონის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რამდენიმე მოთამაშესთან გამოთხოვებას აპირებს.
ცნობილი გახდა რომ კლუბს უახლოეს დღეებში იოსი ბენაიუნი, ფლორან მალუდა, პაულუ ფერეირა და როს ტერნბული დატოვებენ.
ბენაიუნი რომან აბრამოვიჩის გუნდში „ლივერპულიდან“ 2010 წელს გადავიდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იჯარის წესით „არსენალსა“ და „ვესტ ჰემში“ ასპარეზობდა. „ჩელსის“ მაისური მხოლოდ 24 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მორგებული.
ფლორან მალუდა ლონდონურ გუნდში „ლიონიდან“ 2007 წელს გადავიდა. ბრიტანული კარიერის განმავლობაში „ჩელსის“ რიგებში 229 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი მცველი პაულუ ფერეირა გუნდში ჟოზე მოურინიოსთან ერთად 2004 წელს მივიდა. ამ დროიდან 217 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა.
კარის დარაჯი როს ტერნბული ლონდონურ კლუბში 2009 წლიდან იმყოფება და დღემდე მწვანე მინდორზე მხოლოდ 19 ოფიციალურ მატჩში იასპარეზა.