ნეიმარი რუნის „ბარსელონაში“ ეპატიჟება

ნეიმარი რუნის „ბარსელონაში“ ეპატიჟება

გუშინ ბრაზილიაში „კონფედერაციათა თასის“ მორიგი გათამაშება დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანეთი გაანადგურა - 3:0.

ფინალური მატჩი „მარაკანას“ სახელგანთქმულ სტადიონზე გაიმართა. საინტერესოა, რომ სპორტულ სარბიელს ალყა დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა შემოარტყა და ამ ტურნირის, „მუნდიალი - 2014“-ისა და მთავრობის სოციალური პროგრამის წინააღმდეგ გაილაშქრა. ადგილობრივმა პოლიციამ მანიფესტანტებს სტადიონთან მიახლოების საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საბედნიეროდ ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ „კონფედერაციათა თასის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ნეიმარმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა.

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Daily Mail” 21 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავთბიჭუნას ერთი საინტერესო მოსაზრება გაავრცელა. პელეს თანამემამულემ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის კარიერის გაგრძელება კატალონიურ „ბარსელონაში“ ურჩია.

„რუნი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია. მას ნებისმიერი გუნდის შესამჩნევად გაძლიერება შეუძლია. ვფიქრობ რომ მისი სათამაშო სტილისთვის „ბარსელონა“ ზედგამოჭრილია. უეინთან ნაცნობობა მაკავშირებს და კატალონიის დედაქალაქში გადასვლა რამდენჯერმე ვურჩიე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში მინდორზე მასთან ერთად ასპარეზობის პატივი მერგება.“ - განაცხადა ნეიმარმა.