საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კონფერენცია წარმატებულად ჩატარდა. უკვე მე-8 წელია, რაც საერთაშორისო ფორუმს ვმასპინძლობთ. მასში მონაწილეობას იღებენ წარმომადგენლები, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სფეროებიდან. ასეთი სახის კონფერენცია იმის დემონსტრირებაა, რომ ერთმანეთის გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარების გარეშე, ვერცერთი ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ვერ გადალახავს XXI საუკუნის გამოწვევებს. მინდა მადლობა გადავუხადო დისკუსიაში მონაწილეებს და ყველა მოწვეულ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმარს. კმაყოფილი ვარ კონერენციის განმავლობაში გაწეული მუშაობით და მნიშვნელოვან საკითხებზე გამართული დისკუსიებით. ამ კონფერენციით კარგად ჩანს, თუ რამდენი გაკეთდა საქართველოში 20 წლის წინანდელი უძრაობის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საქართველოს ჩამოყალიბებაში ქვეყნის წინა ლიდერებსა და ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა აღადგინა. მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო ასპრეზზე გაიტანა ქვეყნის სახელი. სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. სააკაშვილმა განახორციელა წინა ხელისუფლებების მიერ დაწყებული საქმიანობის კონსოლიდაცია. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებიწინამორბედი მთავრობებისა და ადმინისტრაციების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გააგრძელებენ. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში გამართული ისტორიული არჩევნებითა და მომავალში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებით საქარველო დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს საიმედო პარტნიორია და უპირველეს ყოვლისა ასრულებს იმ დანაპირებს, რომელიც საკუთარ ხალხს მისცა. საქართველო ნატოსთან პარტნიორობით კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომაც შეაქვს საკუთარი წვლილი ნატო-ს მისიში და ზოგადად ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სამიტში. ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობით საქართველოს შეირაღებული ძალები მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას და პოლიტიკურ სტიმულს იღებენ, რომ გარკვეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.
ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მაშინ არის შემდგარი, როდესაც პიროვნებას საკუთარი აზრისა და პოზიციის თავისუფლად გამოთქმის საშუალება აქვს. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ მხარეებს ერთმანეთთან საუბარი და დისკუსიების გამართვა მშვიდად შეუძლიათ -ეს იმის ნიშანია რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე დგას. თუმცა, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვყავს გამოცდილი პოლიტიკოსები და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანები რეგიონის მასშტაბით.
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, დამსწრე საზოგადოებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ასე კარგად უზრუნველყვეს კონფერენციის ჩატარება. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ წელს მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. დიდი მდლობა“.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ISAF-ის მისიაზე მსჯელობით დაიწყო და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხების განხილვით გაგრძელდა.
კონფერენციის დღის წესრიგში ასევე შედიოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს მერვედ ჩატარდა. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უკეთესად გააზრებისა და გაანალიზების პლატფორმის შექმნას, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას და დისკუსიების სტიმულირებას არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებზე.