თუ ჩენთვის სამშობლო სალოცავია და გვწამს ამ ქვეყნის გამარჯვების და გამთლიანების, ამ თვალსაზრისით მიშა არის კიდეც სულიერი ლიდერი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ვიტყვი იმას, რაც არაერთხელ მითქვამს. “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პარტიაა. ამას წინათ წამოცდენა მქონდა, რომ სულიერი ლიდერია-მეთქი, ვიღაცებმა ღლიცინი და ქირქილი დაიწყეს. ეს რა თქმა უნდა არ ეხებოდა რელიგიას, ჩვენ პარტიაში უმეტესობა მართლმადიდებლები ვართ და ასევე სხვადასხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებიც არიან – მუსლიმები იუდეველები და ა. შ. თუ ჩვენთვის ჩვენი სამშობლო სალოცავია და თუ გვწამს ჩვენი სამშობლოს გამარჯვების და გამთლიანების, ამ თვალსაზრისით მიშა არის კიდევაც სულიერი ლიდერი. უფრო სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ და პოლიტიკურ ენაზე, ის არის პოლიტიკური ავტორიტეტი და ლიდერი. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის გარშემოა შექმნილი ეს ორგანიზაცია და მას შემდეგ მიშა ვეღარ ახერხებს, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რასაც პარტიისთვის რეკომენდაციების მიცემა ჰქვია…
ახალი თავმჯდომარე აირჩია პარტიამ, ამაზე თავად ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრეს, ეს იყო უნიკალური ფაქტი, ასეთი რამე აქამდე არცერთ სხვა პარტიას არ გაუკეთებია. ანუ, ვინც არ უნდა აერჩია პარტიას, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ყველას მიმართ გაჩნდებოდა კითხვები. ჩვენი სირცხვილია, რომ ციხეში გვიზის ამ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და პუტინის მძევალი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ გათავისუფლებას. ადამიანები პირდაპირ ითხოვენ, რომ რას ჰქვია ვერ ახერხებთ, თქვენი მოვალეობაა და ვალდებულები ხართ გაათავისუფლოთო,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.