„ქართულ ოცნებას“ სურს ცესკო-ს არსებულ შემადგენლობას გაუხანგრძლივოს ვადა და უზრუნველყოს, რომ ცესკო - ში მათ მიერ კონტროლირებადი უმრავლესობა იყოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადების დარღვევას.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკითხის განხილვას განგებ აჭიანურებს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მთავარი ბერკეტი, რითაც "ქართული ოცნება" აყალბებდა არჩევნებს. ბუნებრივია, სამომავლოდ სახელისუფლებო ბრძოლისთვის მათთვის განმსაზღვრელია, რომ ცესკო- ს სრულად აკომპლექტებდეს. ამიტომ აჭიანურებენ იმ პროცესს, როცა პრეზიდენტმა უკვე წარმოადგინა შესაბამისი კანდიდატები მათ შორის, თავმჯდომარეობის კანდიდატი და ისინი ბლოკავენ ამ საკითხის განხილვას, რომ არსებულ შემადგენლობას გაუხანგრძლივონ ერთი მხრივ ვადა და მეორე მხრივ უზრუნველყონ, რომ ცესკო- ში მათ მიერ კონტროლირებადი უმრავლესობა იყოს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, თამთა წვერაიძის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიეღო, რა ვადის ათვლაც 6 სექტემბრიდან დაიწყო. საკითხს გამოეხმაურა ISFED- იც და პარლამენტს მოუწოდა დროულად შეავსოს ცესკო- ში არსებული ვაკანსიები.