„რას აკეთებენ მხიარულების გაკვეთილებზე?“ - დაინტერესდა მასწავლებელი. „რაღას არ აკეთებენ, მაგრამ უფრო ხშირად გაკვეთილები ასე იწყება: ბავშვები ფანჯრიდან ხტებიან ეზოში. მერე ისევ შეცვივდებიან სკოლაში წივილ-კივილით და მანამდე დახტიან მერხიდან მერხზე, სანამ ძალ-ღონე მთლიანად არ გამოეცლებათ და არ დაცვივდებიან“. „მერე, რას ეუბნებათ მასწავლებელი?“ - ისევ დაინტერესდა ფრეკენი. „არაფერს! ისიც ბავშვებთან ერთად დახტის, მაგრამ უარესად. როცა ბავშვებს ხტუნაობის თავი აღარ აქვთ, ჩხუბს იწყებენ, მასწავლებელიც იქვე დგას და აქეზებს, დასცხეთ მაგრადო. წვიმიან ამინდში ბავშვები იხდიან ტანსაცმელს, ეზოში გამორბიან და ცეკვავენ, მასწავლებელი კი, ზის როიალთან და საცეკვაოს უკრავს...“
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“)
არა, რა... ძალიან დატვირთული კვირა იყო, ასეთები ჩვენშიც კი იშვიათია - რასმუსენი ჩამოვიდა; ივანიშვილმა - ოქტომბერში წავალო; ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოიხადა; ფეხბურთის ფედერაციის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს; დროების მედროვემ „იმედის“ საქმის გამოძიების დაჩქარების სურვილი გამოთქვა; მერიის თანამშრომლები ჯერ დაიჭირეს, შემდეგ გამოუშვეს, შემდეგ იქორწინეს თუ რა ვიცი და ბოლოს ისევ გამოუშვეს დაისევ დაიჭირეს; გაირკვა, რომ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას ქლიბი, რიჟა და კუბდარი მიიღებენ; მამუკა ახვლედიანს თბილისი დაათვალიერებინეს და ალბათ ის ადგილიც აჩვენეს, სადაც ტოლმის ფესტივალი ჩატარდა; როლანდ ახალაიას ხელფასი დაუქვითეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს გული აერია...
წესით, ჯობს თანმიმდევრობით მივყვეთ და იმასაც მოგახსენებთ, რატომ და რაზე აერია გული სააკაშვილს, თუმცა ახლავე ფეტყვით, რომ მისი ამ სიტყვების შემდეგ - „ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტობიდან ჩემი წასვლის შემდეგ პოლიტიკაში ვიყო“ - გული აერია ყველას, მგონი თვით სერგო რატიანსა და გოკა გაბაშვილსაც კი, რადგან ერთმა თქვა „პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოების და დაზარალებულების მიმართ. პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეფექტური გამოძიება ჩატარდეს“-ო და მხარი მეორემაც აუბა - წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენო და, დანაშაულში მონაწილე ყველა ადამიანის გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა, „მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სახელისა და გვარისა“.
საგულისხმოა, რომ ერთმაც და მეორემაც საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვა და რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბათუმში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, ერთი კი გავიფიქრე, რატომ არ ტარდება ყორნის გათეთრების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია? „ამ ტიპის დანაშაულების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობა არ იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“ - ეს მგზნებარე სიტყვები ისტორიაში პავლე კუბლაშვილის სახელით შევა, რადგან პავლე კუბლაშვილმა თქვა.
ვააა, ესენი ვინა ყოფილან, კაცოუუ! აქამდე სად იყავით, თქვე ჩემის კომპოზიტორებო? ამქვეყნიურები თუ არ ხართ, ის მაინც გვითხარით, რომელქვეყნიურები ხართ!
ამქვეყნიურები არ არიან. რომელი ენჯეოშნიკი გინახავთ ამქვეყნიური? მოიკითხავ რომელიმეს და აღმოჩნდება, რომ ტრენინგზე იმყოფება ვაშინგტონში, მოიკითხავ მეორეს და გეტყვიან, რომ კონფერენციაზეა ბრიუსელში, მოიკითხავ მესამეს და აღმოჩნდება, რომ რამდენიმე საათის წინ ბერლინში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი მიფრინავს ჟენევაში, სადაც მას შეუერთდებიან ვენეციის სიმპოზიუმის მონაწილე მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. რაც შეეხება მეშვიდეს, საქართველოში არც ის იმყოფება - კუთვნილ შვებულებას იბიცაზე ატარებს. და, საერთოდ, არავითარი ვაშინგტონი, ბერლინი და ვენეცია - მაგათი ცხოვრება იბიცაზე გადის და პასუხი კითხვაზე (რომელქვეყნიურები არიან?) მიღებულია. მათი მთავარი დღესასწაული (ფრანგებისთვის ბასტილიის აღების დღე, ინგლისელებისთვის - დედოფლის დაბადების დღე...) არის იბიცობა.
ამ თემასაც დავუბრუნდები, მაგრამ ახლა იმას უნდა მივუბრუნდე, გასული კვირის მთავარი მოვლენების მხოლოდ ერთი ნაწილი რომ ჩამოვთვალე, მეორე ნაწილი კი მრავალწერტილში რომ ჩავტიე.
გასული კვირის მთავარ მოვლენად, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის მაინც, კობა დავითაშვილის განცხადება იქცა. ლამის ყველამ იცის ამ პიროვნებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ როცა კაცი მართალს ამბობს და საღ აზრს გამოთქვამს, არ უნდა დაუკარგო და არც დავუკარგავ. დავუკარგავ კი არა, სიტყვა-სიტყვით და ზუსტად გავიხსენებ იმას, რაც მან თქვა:
„საქართველოში არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში. ვინაიდან რეალურად არ არსებობდა ამოქმედების მექანიზემბი, ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, კერძოდ, ეს ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების. გარკვეულწილად, მე ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე სხვა საშუალებებით. მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი „მოსულა“, ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა, ეს არ არის საქილიკო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი“.
ეს რომ წავიკითხე, ღამის ორი საათი იყო. მეზობლები ჩემმა მქუხარე ტაშმა გააღვიძა, ხოლო შემდეგ მეზობელ კორპუსებშიც გაეღვიძათ, რადგან, ერთი ძველებური გამოთქმისა არ იყოს, მქუხარე ტაში ოვაციებში გადაიზარდა.
გავა დრო და დიღმის მასივის მესამე კვარტალის მეჩვიდმეტე კორპუსზე აუცილებლად გამოაკრავენ მემორიალურ დაფას წარწერით: „ამ კორპუსში 2013 წლის 25 ივნისის 2 საათსა და 35 წუთზე სამი საათის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ კობა დავითაშვილს“.
რა ვქნა? თქვას კობამ და გვერდით დავუდგები, ხალხსაც მოვიყვან და თუ იმასაც მივაღწევთ, რომ სერიალებისგან გამოთავისუფლებული დრო „პინკ ფლოიდით“ და „ლედ ზეპელინით“ შეივსება... წავედი ოცნებებში...
გასულ კვირაში სერიალებთან დაკავშირებული ერთი სასაცილო ამბავი გადამხდა. მოკლედ, თანამშრომელს კომპიუტერის მონიტორზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიღაც ყმაწვილის სურათი ჰქონდა გამოტანილი (ახლაც აქვს), მისი დის შვილი მეგონა, სინამდვილეში კი, ის უდღეური სავაში აღმოჩნდა.
მიდი, კობა, ჯერ მავნე სერიალები ავკრძალოთ და რომ მოვძლიერდებით, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებასაც შევუტიოთ. აი, სტაჟიანი გულშემატკივარი კი არა და... მოკლედ, ვინც 40 წელს გადააბიჯა ყველას ეხსომება „ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას“. ეს იმასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ - ვამბობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვგულისხმობთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
აბა, სხვას რას იფიქრებს არასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი წესიერი კაცი, როდესაც გაიგებს, რომ სამეგრელოში ნაპოვნი ამაზრზენი კადრების ჩვენებით ერთნაირად არიან აღშფოთებულები კახა კოჟორიძის საია და მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (სხვებთან შედარებით, ყველაზე საქმიანი ორგანიზაცია) და გიგა ნასარიძის „საქართველო არ იყიდება“.
ასევე, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, ერთნაირი პოზიცია გააჩნიათ ენჯეოშნიკ გიორგი მშვენიერაძეს („დემოკრატიული ინიციატივა“) და იგულავა უგულავას.
ძალიან კარგად მესმის, რომ ყველაფერს თავისი სამართლებრივი წესი გააჩნია - დაკავებას, ჩხრეკას და ა.შ. მაგრამ უგულავას კაბინეტში კოჰაბიტაციაში მყოფ არასამთავრობოებს მაინც ვურჩევ - თქვენი ჭკვიანური განცხადებები და სამართლიანი შენიშვნები (თუ ასეთი ოდესმე იქნება) უგულავას კაბინეტიდან მოშორებით გამოთქვით. ეს ყველაფერი მტერთან თანამშრომლობის გარეშეც შეიძლება.
მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი: „...როგორც მის ჩვენებაშია ნათქვამი, 2012 წლის ივნისში, მას დაუკავშირდა დავით ალავიძე და უთხრა, რომ "თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორს, გიორგი საბანაძეს სურდა "ლიბერთი ბანკში" "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის განაღდება სალაროს მეშვეობით. შესაბამისად, 2012 წლის 16 ივნისს, მან მოახდინა 10 000 000 ლარის განაღდება და ამ დროს მას ახლდა დავით ალავიძე. 2012 წლის 11 ივლისს კი საბანაძემ უკვე 3 800 000 ლარი გაიტანა. 2012 წლის 6 აგვისტოს, 4 000 000 ლარი და ა.შ...
აქ ისეთი რამეებია, წესით, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი საბანაძეს წითელი ხალიჩა დაუგეს და ისე წაიყვანეს თუ პანღური ამოარტყეს და ისე.
მე შენ გეტყვი და, არ იმსახურებს პანღურს თუ რა?!
„ყველა ადამიანი, რომელიც ავიწროებს სხვა ადამიანებს, ჩემთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და მტერი საზოგადოებრივი წესრიგის და ყველა იმ პრინციპის, რომელსაც მე ვემხრობი. მაგრამ ამას სჭირდება ობიექტური და სამართლებრივი პროცესი. მე ამ პროცესის გამჭვირვალობის მომხრე ვარ, მთელი ცხოვრება ამას ვებრძოდი და შევებრძოლები მომავალშიც“, - აღნიშნა მიხეილ ლონგმა, გიულის (აბდულა გიულის?) ბიჭმა და თემურის (ლენგის?) დის შვილმა.
ისე, რა ოხერი რამ არის ქართული ნაცვალსახელი - ეს, იმის, ამის, ამას, იმას, ისეთი, ასეთი, იმნაირი, ამნაირი...
მთელი ცხოვრება ამას ვებრძოდიო... შინაომები ქონია. კაცი იმას რომ იტყვის - „გაზაფხული მოიტყვანაო“, ის კაცი კი არ არის, ის არის ეს და ამასთან აქვს საქმე.
„სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და კანონი ყველასათვის ერთია. მე არ ვაპირებ მასთან მოლაპარაკებების წარმოებას“, - განაცხადა გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილმა.
ეეე, ძმაო, ალემაო, ბიძინაო... ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ რას ქვია „არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ“?! ბავშვობაში არც მე მინდოდა „ბორჯომიანი“ რძე, მაგრამ რა უნდა მექნა, როცა ჯანმრთელობა მსხვერპლს ითხოვდა? თან, სწორედ ახლა არის დრო - „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ადგილობრივი საკითხებისადმი პრაგმატულ მიდგომას მიესალმება“ და „ალიანსს სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის საკითხი აღელვებს“.
მოკლედ, სანამ ნატო აღელვებულია და სანამ ევროკავშირი მისალმებას დაამთავრებს, ერთი წკაპანაცია და, კოჰაბიტაცია პენიტენციაში.
„ვიიიშ“ - ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე და აუცილებლად დასძენდა: „ვაისაყვარელო“.
„პირადად მე მართლა მაქვს დიდი სურვილი ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან დღევანდელი პარლამენტი ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ასე ფართოდაა წარმოდგენილი პარლამენტში, ნამდვილად არ იმსახურებს ამას, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, მე ვიქნები წინააღმდეგი, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვადებში მოქცევას, კანონის დაცვას, კონსტიტუციის პატივისცემას, ამიტომ, გვინდა თუ არა, ეს პარლამენტი თავის ვადებში დაამთავრებს“ - დავით საგანელიძის ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის იმ სიტყვების პონტში გადის და სწორედ ამაზეა ნათქვამი, ნუ მიაცვ-მააცვამო.
25 წლის წინ კონსტიტუციაში ისიც გვეწერა (მგონი, მეექვსე მუხლი იყო, ჰმ...), კომუნისტური პარტია საზოგადოების წარმმართველი ძალააო და ახლა რა ვქნა - ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობა ვინანო თუ კომკავშირული კრისების თავ-პირის-ლეწვა?
აი, ეს კი არ უნდა მეთქვა. რას იტყვის კოჟორიძე? რას და - დაგმობს ძალადობას და პოლიტკორექტულობისკენ მომიწოდებს.
მარკ ტვენის სიტყვებს გაგახსენებთ: „რა არის შეერთებული შტატების სენატორი? სენატორი არის ადამიანი, რომელიც, დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და სახელმწიფოებრივ კანონებს წერს“.
სორი... თქვენთვის არ შემიხსენებია, ტკბილებო და მურაბებო, ივანიშვილს და საგანელიძეს შევახსენე და იმასაც შევახსენებ, რომ საზოგადოების განწყობა სრულად გამორიცხავს პარლამენტში ნაცების ყოფნას და არც „ოცნებაში“ შეხვეტილი ნაგვის მიმართ არის დადებითი.
მაგარი ნიუსი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" სარჩელს განიხილავს. „იდენტობა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომელითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს სისხლის დონაცია ეკრძალებათ. როგორც ორგანიზაციის იურისტმა ლევან ასათიანმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუმარტა, სისხლის უსაფრთოხების დაცვა უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული, უნდა შეეხებოდეს კონკრეტული სქესობრივი ქცევის მქონე პირებს და არა ზოგადად ორიენტაციას. „მოსარჩელეები დღეს ითხოვენ, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ორი ბრძანება. კონკრეტულად, ბრძანების კონკრეტული მუხლები, რომელიც სისხლის დონაციას უკრძალავს ჰომოსოქსუალებს“.
იცით, რა უნდა ქნა? რაც კი საქართველოში ჰომოსექსუალია, ყველას 200-200 გრამი სისხლი უნდა ჩააბარებინო და მერე „იდენტობას“ და მის ადვოკატს, ლევან ასათიანს უნდა გადაუსხა, მაგრამ ჩააბარებენ ისინი სისხლს? არა მგონია, რადგან მაგათ „იდენტობაც“ კიდიათ და ლევან ასათიანიც. სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ „იდენტობას“ და ლევან ასათიანსაც მაგრად კიდიათ ჰომოსექსუალები.
გასულ კვირაში მეცნიერებათა აკადემიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია - გიორგი კვესიტაძე. მასზე მხოლოდ ის ვიცი, რაც მახსოვს - მინისტრი იყო და პარლამენტის სხდომებზე კოლბებით და სინჯარებით აღჭურვილი დაიარებოდა. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა ვულოცავ არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ. ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს თემურ ნანეიშვილი. ამ ადამიანზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო და მისაუბრია კიდეც, ხშირად სასმისით ხელში, როცა კარგი ქართველებისა და ნიჭიერი და წესიერი ადამიანების სადღეგრძელო მითქვამს.
ამ ქვეყანაში კარგი რაღაცეებიც ხდება, მაგრამ რა არის იგი ნათელი, რასაცა ახლავს ბნელია? რამდენადაც ვიცი, მომავალ კვირაში მეცნიერებათა აკადემიაში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, მეორე ვიცე-პრეზიდენტად როინ მეტრეველს დაასახელებენ და... ახლა გამოჩნდება, ვის როგორ კიდია მეცნიერებაც და აკადემიაც.
მაიცა და, როინ მეტრეველს კაბინეტი, პერსონალური ავტომობილი, პირადი მდივანი და შეღავათები რომ უნდა, ამაში ფული მე უნდა ვიხადო? რაღა დროს როინ მეტრეველია, ხალხო, მეცნიერნო, ძმებო, ჭკუისკოლოფნო... საკუთარ გულებში ჩაიხედეთ!
როინ მეტრეველი და კიდევ ის (რა ოხერი რამაა ქართული ნაცვალსახელი...) - შოთა მალაშხია საქართველოს პრეზიდენტად და რეზო არველაძე - ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად.
მალაშხიაზე რომ ვამბობდი, კვერცხია-მეთქი და რომ არ გჯეროდათ, ვინ ყოფილა მართალი - მე თუ თქვენ. თქვენ, თქვენ ყოფილხართ მართლები, მე კი ვცდებოდი - რას წარმოვიდგენდი, თუ კვერცხი კი არა კვერცხუჯრედი აღმოჩნდებოდა, თან - ერთუჯრედიანი კვერცხუჯრედი.
ჩვენ კიდევ ირანული კვერცხი გვინდოდა, როცა აქ ამდენი კვერცხია? ნახეთ: „ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და გენერალურ აუდიტორს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შესაძლოა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც შეუნარჩუნდეთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი უმცირესობის წევრის, პაატა ლეჟავას საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს. ამავე პროექტის ფარგლებში, პაატა ლეჟავა კანონმდებლებს სთავაზობს, რომ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიენიჭოს“.
რა უნდა თქვა? არა, მაინც რა კომენტარი უნდა გაუკეთო? ალბათ, მხოლოდ ეს „მიმინოდან“ – „ჰოოო... რეზინის ფერჩატკებით შეიძლება“.
და ბოლოც, ოღონდ ყოველგვარი კომენტარებისა და რეზინის ფერჩატკების გარეშე: „საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, პრევენციის ეროვნულ მექანიზმში მონაწილე ექსპერტთა სია გაფართოვდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2013 წლის 19 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაცხადა კონკურსი ექსპერტების შერჩევის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 206 პირმა. ექსპერტების შესარჩევად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც არიან: საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, პროფესორი მაკა კვაჭაძე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კომისიამ შეარჩია 40 ექსპერტი, რომლებიც წარმოადგენენ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და მედია საშუალებებს, ასევე, არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ხოლო 27 ექსპერტი აყვანილია რეზერვში“.
კომენტარი არა, მაგრამ ემოცია-რეაქციის უფლება ხომ მაქვს? ჰოდა - ვახახახახა!
ამდენი ექსპერტი და ენჯეოშნიკი... სრული ბალანსისთვის ამ ჩამონათვალს ერთი, თამარა ჩერგოლეიშვილი აკლია, მაგრამ სად არის თამრო?
მ.თ.კ. (მოიტაცეს თამარ კაცი) „რა დაგემართათ, ბავშვებო?“ - გაუკვირდა მასწავლებელს. „იცით, რას გეტყვით, ფრეკენ! - გადმოსძახა პეპიმ ხიდან, - რა დროს ტაბულებია ასეთ კარგ ამინდში?“
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძლიწინდა“)