საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ უცხოური სატელევიზიო სერიალები ხელს უწყობს ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამური კავშირების წახალისებასა და პროპაგანდას. ამიტომაც იგი ამ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებაზე სერიოზული შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს.
მისი თქმით, უცხოურ სატელევიზიო სერიალებში ჩანს, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი „მოსულა“, შესაბამისად, ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, რაც არ არის მისაღები.
დეპუტატის განმარტებით, საქართველოში ფორმალურად არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, ამიტომ აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. ამ მიზნით მან მოამზადა კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას გულისხმობს. როგორც აცხადებს, ცვლილებათა პაკეტის მომზადებისას იხელმძღვანელა ლიტვის კანონმდებლობით, რადგან ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა.
იმ ფონზე, როდესაც ინტერნეტი თითქმის ყველასთვის მისაწვდომია, საინტერესოა, რამდენად შედეგიანი იქნება სატელევიზიო სერიალების შეზღუდვა. თავად ტელევიზიის ხელმძღვანელები კობა დავითაშვილის იდეას არ იწონებენ.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ფიქრობს, რომ დავითაშვილი ამ შემთხვევაში აჭარბებს, რადგან სერიალები მთელ მსოფლიოშია მიღებული. მეტიც, სერიალებს აქვს აკრძალვის ნიშნები და ეს ნიშნები ჩვენთანაც მოქმედებს. არის სერიალები, რომლებიც არ არის მოზარდებისთვის და ის კონკრეტულ დროს გადის.
ტელეკომპანია მაესტროს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც კატეგორიულია - სერიალები არ უნდა აიკრძალოს - ასეთია მისი პოზიცია.
უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილიც ეხმიანება კობა დავითაშვილის ინიციატივას და აცხადებს: „იმედია, პარლამენტის სხდომების ტრანსლირების აკრძალვასაც არ მოითხოვს ბატონი დავითაშვილი, იმიტომ, რომ შეიძლება ესეც მავნე ზეგავლენას ახდენდეს“.
სხვათა შორის, სერიალების აკრძალვა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც წარმატებით განხორციელდა, სადაც ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ნაციონალური არხებით უცხოური ტელესერიალების და მხატვრული ფილმების გადაცემა აიკრძალა. გადაწყვეტილება რადიოსა და ტელევიზიის ნაციონალურმა საბჭომ მიიღო და ამ გადაწყვეტილების ავტორები ფიქრობენ, რომ კანონი ახალგაზრდობის მორალური აღზრდისკენ არის მიმართული და ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ აკრძალვას არ გამოუწვევია ადგილობრივი ტელეკომპანიების პროტესტი. სამაგიეროდ, აზერბაიჯანული სერიალების გადაღებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი მანათი გამოიყო. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელებმა გამოსავალს მიაგნეს, უცხოური სერიალების ყურება მათ საკაბელო ტელევიზიის საშუალებით შეუძლიათ, რისთვისაც დამატებითი საფასურის გადახდა უწევთ.
უნდა დაწესდეს თუა არა შეზღუდვები სატელევიზიო სერიალებზე საქართველოში. ამის შესახებ For.ge კინომცოდნეებს ესაუბრა.
კინომცოდნე ზვიად დოლიძე აცხადებს, რომ არსებობს ისეთი სატელევიზიო სერიალები, რომელთა ეპიზოდებიც მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამდენად, ამ სერიალებს სერიოზული შემოწმება სჭირდება, რისთვისაც ტელევიზიას უნდა ჰყავდეს სამხატვრო, ან სხვა ტიპის საბჭო, რომელიც შეაფასებს ამა თუ იმ სერიალს და გადაწყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია ეს სერიალი ტელევიზიამ შეისყიდოს.
მისივე განმარტებით, 80-იან წლებში, როდესაც საქართველოში შემოვიდა ვიდეოაპარატურა, იქაც იყო კარგი ფილმები და ფილმები სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაზე. მაშინაც იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ ვიდეომ გარყვნა ახალგაზრდობა, თუმცა კინომცოდნის თქმით, ეს თავად ადამიანზეა დამოკიდებული.
„მაშინაც ბევრი უყურებდა ასეთ ფილმებს, მაგრამ არ გარყვნილა. ამიტომ თვითონ საზოგადოებამ უნდა სძლიოს საკუთარ თავს და გაარკვიოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ ლიტვაში არის ასეთი პრეცენდენტი, რომ ასეთ სერიალებს არ აჩვენებენ, მეც ვეთანხმები ამას. ბოლოს და ბოლოს, იმის გამო, რომ იაფად ჩაიგდონ რომელიღაც სერიალი, ტელევიზიები არად დაგიდევენ, მის შიგნით რა შინაარსია. ახლა თითოეულ სერიალში ზოგჯერ 200 და 300 სერიაა და ისინი უმეტესად გადმოგვცემენ რომელიმე ოჯახის თავგადასავალს, მაგრამ გააჩნია, რანაირად გადმოსცემენ ამ თავგადასავალს. ერთი პერიოდი, ჩვენში ერთი ამბავი იყო ამტყდარი ერთ-ერთ სერიალთან დაკავშირებით, რატომ არ გადის ეს სერიალიო და შემდეგ, როცა გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ იქ მართლაც ოჯახის წევრებს შორის მთელი უბედურებები ხდებოდა“, - აღნიშნა ზვიად დოლიძემ.
მისი თქმით, სერიალები არ არის სერიოზული კინო და ეს მხოლოდ სატელევიზიო პროდუქციაა. ჩვენი ტელევიზიები კი გადასულნი არიან ე.წ. ხალტურაზე, რათა საეთერო დრო რამენაირად შეავსონ.
„ჩვენ გვახსოვს „იზაურას“ და „რვაფეხას“ სერიალები. „იზაურა“ არ იყო ასეთი რამეების შემცველი, იქ გადმოცემული იყო საწყალი მონა გოგონას თავგადასავალი სამხრეთ ამერიკაში. რაც შეეხება „რვაფეხას“, ეს ცნობილი იტალიური მინისერიალი იყო მაფიასთან დაკავშირებით, ცნობილი იტალიელი რეჟისორი დამიანო დამიანი იღებდა მის გარკვეულ ნაწილს. თუმცა „რვაფეხაში“ არ იყო გადამეტებული ძალადობის ჩვენება. გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტის შემცველი ფილმებიც არ უნდა ვაჩვენოთ, რადგან საზოგადოება მრავალნაირი ინდივიდებისგან შედგება და შესაძლოა, ვინმეზე მართლაც იმოქმედოს. ხომ ხედავთ, ამერიკაში დაავლებენ იარაღს ხელს და შევარდებიან თავის ყოფილ სამსახურში ან უმაღლეს სასწავლებელში და ხოცავენ ხალხს. იქაურ სოციოლოგთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს არის სწორედ ფილმებიდან მიღებული გავლენა“, - მიიჩნევს ზვიად დოლიძე და ქართული სერიალების აუცილებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც არ გავიხედავთ ვენესუელაში ან პარაგვაიში მომხდარი თავგადასავლებისკენ. ქართულ სერიალებში კი ნაკლებად სავარაუდოა, ოჯახის წევრთა შორის გარყვნილი დამოკიდებულება დაუშვან.
კინომცოდნე თეო ხატიაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება, რომ სერიალებიდან ჰომოსექსუალების თემა ამოიჭრას. იგი გამორიცხავს, რომ სერიალებში არსებული ჰომოსექსუალიზმი, თითქოს, ხელს უწყობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. მისი თქმით, ტელესერიალი ერთ-ერთი საშუალება იყო ტელევიზიის ისტორიაში, რომელმაც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, მართლაც მოახდინა ჰომოსექსუალთა არსებობის გამომზიურება.
„მოგეხსენებათ, ტელესერალი უფრო პოპკულტურის ნაწილია, მარტივ, ბანალურ სიუჟეტზეა აგებული, უფრო ადვილად ადაპტირდება დროსთან მიმართებით და მასში ასეთი თემების წარმოჩენა უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ აკადემიურ კულტურაში მომხდარიყო ამაზე რეფლექსირება. ამიტომ არ ვიზიარებ, რაკი ტელესერიალში ასეთი ურთიერთობებია ასახული, შემდეგ ქცევის სახით გადადის მოსახლეობაში და ბავშვი შეიძლება გახდეს ჰომოსექსუალი, ეს აბსურდია. თუმცა მეორე საკითხია, ზოგადად ტელესერიალების მოზღვავება, რომელმაც ფაქტობრივად, მთელი საეთერო ბადე დაიჭირა. თუ სერიალები დოზირებულად იქნა, მე ამას მივემხრობი, ოღონდ, აკრძალვის სახე ამ სერიალებს არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.
მისი თქმით, სერიალებში სულაც რომ არ იყოს არც ჰომოსესუალიზმი, ინცესტი და სხვა ნებისმიერი საკითხი, რაც ეჩოთირება ქართველის ყურსა და თვალს და ყველაზე ბანალური ტრივიალური მელოდრამატული ისტორიაც რომ იყოს გადმოცემული, სერიალი მაინც მდარე ესთეტიკას და ხარისხს აყალიბებს. ამიტომ ტელევიზიებმა უნდა იზრუნონ, რომ თავიანთი ბადე გაახალისონ.