როგორ გაუკეთა ოპერაცია დავით საგანელიძემ იური ნიკულინს

როგორ გაუკეთა ოპერაცია დავით საგანელიძემ იური ნიკულინს

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ.

დღევანდელ წერილში საუბარი  ამ პროფესიის ხალხზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას შემოგთავაზებთ.

გაგიკვირდებათ და ბატონ გუბაზ სანიკიძეს ერთხელ ცხოვრებამ  წარმატებული ბიზნესმენის კარიერის დაწყების შესაძლებლობა მისცა. მართალია საქმიანობის ეს სფერო თავისი ორიგინალურობით გამოირჩეოდა, მაგრამ პარლამენტარს დიდ ფულად შემოსავალს პირდებოდა. ბატონმა გუბაზმა ცხოვრებისეულ გზას არ გადაუხვია და დეპუტატის სავარძელი „საეჭვო“ ბიზნეს საქმიანობაზე არ გაცვალა.

გუბაზ სანიკიძე: „მეგობარი მყავს - დიმიტრი ბერძენიძე, საოცარი იუმორი აქვს და როდის ხუმრობს და როდის სიმართლეს ამბობს, ვერ გაუგებ. ერთ საერთო ნაცნობს ვეწვიეთ, მაღალი თანამდებობის პირია და ამიტომ ვინაობას არ ვიტყვი, ეწყინება. მოკლედ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და დიმიტრის ეკითხება, თუ მისი საქმეები როგორ მიდიოდა.

- მაგარი ბიზნესი წამოვიწყე. ცეხი მაქვს ქუთაისში. გაღუნული ლურსმნების საამქრო გავხსენი. დღეში ოთხი ვაგონი გაღუნული ლურსმანი შემომდის რუსეთიდან, ვასწორებ და უკან ვაგზავნი. იმხელა ფულს მიტოვებს, რაში დავხარჯო, არ ვიცი.

ბუნებრივია გამეცინა, ისინიც ამყვნენ და შეხვედრა მხიარულად დასრულდა. უკან მოვდივართ და ამ შენი თანამდებობის პირმა კარში გამაჩერა:

- გუბაზ, ერთი წუთით. შენ დიმიტრის ჩემზე კარგად იცნობ. ხელში პატარა ფული მიჭირავს. დავეხმარები ცეხი თბილისშიც გახსნას და შენც წილში გაგიყვანთ...“

დავით ბერძენიშვილი პოლიტიკაში კონფლიქტური ადამიანის სახელით არ სარგებლობს. ამის მიუხედავად თავის დროზე ორ ცნობილ პიროვნებასთან ღია დაპირისპირება მოუწია. ბედის ირონიით პირველი მათგანი ასლან აბაშიძე გახლდათ, მეორე კი „კეთილი ბაბუ“ - ედუარდ შევარდნაძე.

დავით ბერძენიშვილი: „ასლან აბაშიძესთან ყოველთვის დიდი დაპირისპირება მქონდა და მორიგი კამათის დროს მომახალა:

- გეტყობა, სერიოზული მოწინააღმდეგე არ გყოლია ცხოვრებაში.

 

ამით მაგრძნობინა, მე ვიქნები შენი მოწინააღმდეგე, მიფრთხილდიო და გაბრაზებულმა ვუპასუხე:

- ძალიან მეეჭვება, ან წონით, ან ასაკით ჩემს მოწინააღმდეგედ გამოდგე.

ბუნებრივია, წყენა გულში ჩაიდო და მალე სახლის შესასვლელი ამიფეთქეს. ტერორისტული აქტის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, ჩემი სამი წლის შვილის დიდი, ლამაზი სათამაშოებიც განადგურდა. მან კარგა ხანს უყურა თავის დამწვარ სათამაშოებს, ბოლოს დაღონებულმა გამომხედა და ისტორიული ფრაზა მითხრა:

- არა, მამა, ასე ბრძოლა არ შეიძლება...“

ასლან აბაშიძეს არც ბატონი ედუარდი ჩამორჩა, თუმცა შურისძიებისთვის ბრძოლის უფრო უწყინარი მეთოდები გამოიყენა.

„კონსტიტუციის მიღების წინა დღეებია. სხდომაზე შესვენებაა, პრეზიდიუმში ავედი, შევარდნაძისთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი და გვერდით მჯდომ რუსუდან ბერიძეს რაღაცას ველაპარაკები. ისე შევყევი საუბარს, ვერც შევამჩნიე, როგორ წამომადგა თავზე შევარდნაძე და დაბღვერილი დამყურებს.

- ბატონო დავით, - ვეღარ მოითმინა ბოლოს, - მგონი, თქვენ ამ სკამზე არ უნდა იჯდეთ.

- ვიცი, - დავეთანხმე, - მაგრამ მალე აღარც თქვენ იჯდებით ამ სკამზე.

- ვნახოთ, ბატონო, ვნახოთ, - მუქარით ჩაილაპარაკა. აბა, შევარდნაძე ამას რას მაპატიებდა და იმდენი ქნა, არჩევნების შემდეგ აღარც პრეზიდიუმში ვიჯექი, აღარც პარლამენტში.“

ბატონ ვალერი გელბახიანს მეგობრებში „თარსი“ ადამიანის რეპუტაცია გააჩნია. ამას თავადვე აღიარებს და ქვემოთმოყვანილ ისტორიასაც არაერთხელ იხსენებს.

ვალერი გელბახიანი: „კაზინოები და ეგეთი რაღაცეები საერთოდ არ მიზიდავს და რა ხდება და როგორ ხდება, არ ვიცი. მოსკოვში ყოფნისას მეგობარი შემიჩნდა:

- ვალერი, მაგარ „პალასაზე“ ვზივარ. გუშინ მოვიგე და ეს ნიშნავს, ერთი კვირა მოგებაზე ვიჯდები. მერე თუ წავაგე, სუ წაგებაზე.

- ჩემგან რა გინდა? - ვეკითხები.

- უნდა გამომყვე, გაჩვენო, დედას როგორ ვუტირებ.

ისე შემიჩნდა, უარი ვეღარ ვუთხარი. წამიყვანა, რაღაცეები ითამაშა და დაღონებული მომადგა.

- კაი თანხა წავაგე. წავედით რესტორანში, გულს გადავაყოლებ.

მეორე დღეს ისევ წამიყვანა, ისევ წააგო. ერთ-ორჯერ რაღაც საეჭვოდ გამომხედა თამაშისას. მესამე დღესაც წამიყვანა და რესტორნის ფულს ვინ ჩივის, ტაქსის მძღოლი ძლივს გაისტუმრა. ვატყობ, ცუდი თვალით მიყურებს. მეოთხე დღეს საერთოდ არ გამოჩენილა და საღამოს გახარებული მირეკავს:

- ვალერი, მართალი ვყოფილვარ. კაზინოში არავის არ უნდა გაყვე. თარსი ფეხი გქონია, იმდენი ფული დამაკარგინე. დღეს გამოგეპარე, მოვიგე და რესტორნისთვის მოემზადე.“

დავით საგანელიძე პროფესიით ექიმი ბრძანდება და როგორც ამბობენ, თავის დროზე საკმაოდ წარმატებულიც. მოგვიანებით თეთრი ხალათი დეპუტატის სავარძელზე გაცვალა და ავადმყოფების მკურნალობის ნაცვლად საპარლამენტო ორომტრიალში ჩაება. ბატონი დავითი ერთი პერიოდი მოსკოვში მუშაობდა და ეს ისტორიაც მაშინ შეემთხვა.

დავით საგანელიძე: „მოსკოვში მუშაობა პირველ ონკოლოგიურ ცენტრში, ბლოხინის კლინიკაში დავიწყე. როგორც იქნა, დამიდგა ნანატრი დღე და ოპერაციის გაკეთების ბედნიერება მაღირსეს. ბუნებრივია, ავღელდი და სახლში მისვლისთანავე სამედიცინო ლიტერატურას ჩავუჯექი, რამე შეცდომა არ მომსვლოდა. დილით ადრე უნდა წავიდე, ოპერაცია მაქვს და საღამოს შვიდი კაცი არ დამეცა თავზე?! დღეს ყველა მათგანი ცნობილია - მერაბ კაკულია, ზაზა ნიშნიანიძე და სხვები. მოიტანეს საქართველოდან წამოღებული პროდუქტები, მაგარი მამაპაპური სუფრა გაშალეს და ყანწები მოიმარჯვეს.

- დავით, ოპერაციას ვის უკეთებ? - მომიარეს შორიდან.

- ნიკულინია გვარად. ბიჭებო დღეს არ დავლევ, არ მინდა სამსახურიდან გამაგდონ.

მეგობრები ქეიფს შეუდგნენ და მე საწოლს მივაშურე, რომ კარგად გამომეძინა. შუაღამემდე ვიწრიალე, ძლივს ჩამეძინა და უცებ ვგრძნობ, ვიღაც მაჯანჯღარებს და მაღვიძებს. წამოვდექი, შუქი ანთებულია და შეწუხებული სახეებით მიყურებენ.

- სიმღერა არ გამოგვდის, მეორე ხმა გვაკლია, ან შენით ადექი, ან ძალით აგაყენებთ, პატრონი მოკვდომია იმ ნიკულინს!

მოკლედ, სიმღერაში დამათენდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მივედი სახლში და ისევ მომადგნენ არყის ბოთლებით ხელში.

- დავით, გვაპატიე, საქმე გაგიფუჭეთ, - ჩამოუშვეს ცხვირები, - აი, ნიკულინის შესანდობარი დავლიოთ. მაშინვე შემოგაკვდა თუ იწვალა, საწყალმა?

- არ მომკვდარა, გადარჩა! - დავუწყე დამშვიდება.

- აბა, გადარჩენის დავლიოთ!

ორი დღის მერე მივედი სამსახურში, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ, თავი მისკდება. მთავარმა ექიმმა შემამჩნია და მეუბნება:

- წადი, სახლში, წადი, შენ ვინ უნდა გადაარჩინო, აქეთ ხარ გადასარჩენი.“