მსახიობი გია ფერაძე სიცოცხლეში განსაკუთრებული ოხუნჯობით გამოირჩეოდა და მეგობრებს “სასიამოვნო“ სიურპრიზებს ხშირად უწყობდა. რასაკვირველია გასტროლებზე მუდმივად დადიოდა და ორიგინალური საჩუქრებიც ყოველთვის ჩამოჰქონდა.
მისი სუსტი წერტილი ნიღბები იყო. ერთხელაც აშშ-დან ასი წლის მოხუცი ქალის დანაოჭებული და თმაგაწეწილი ნიღაბი ჩამოიტანა.
დაურეკა თავის მეგობარს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ამირან ბუაძეს, ჩემთან გამოდი და ახლობლებთან სტუმრად ერთად წავიდეთო.
ამ ნიღბით შეეგება სტუმარს. საშინელი ნიღაბი იყო და ამირანს კინაღამ შიშით გული გაუსკდა. ერთი კი დაიძახა, ვაიმეო და ლიფტსაც აღარ დაელოდა, კიბეზე თავქუდმოგლეჯილი დაეშვა, თან ყვიროდა: ხომ ვიცი, რომ შენ ხარ, გია ფერაძე, მაგრამ მაგისთანას როგორ გიყუროო?!