საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით, რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა

საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით, რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბენ სალმანის შუამავლობით, რუსეთმა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი 10 უცხოელი, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი წერს.

უწყების ცნობით, საუბარია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად უკვე საუდის არაბეთში იმყოფებიან. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოელი საადუნ ბრაგიმი, რომლებსაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, მუჰამედ ბენ სალმანი უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში კიევთან და მოსკოვთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ რუსეთის ტყვეობიდან 5 ბრიტანელი გათავისუფლდა, და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის საუდის არაბეთს და ვოლოდიმირ ზელენსკის.