ანჯელინა ჯოლი „ლივერპულს“ ქომაგობს

ანჯელინა ჯოლი „ლივერპულს“ ქომაგობს

ალბათ, ყველასთვის საინტერესოა, რომელ ბრიტანულ კლუბებს ქომაგობენ ცნობილი სახეები.

ლონდონის „არსენალი" ამაყობს იმით, რომ მას ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ქომაგობს და საკმაოდ აქტიურადაც.

„არსენალს" სხვა ცნობილი ქომაგებიც ჰყავს და პირველ რიგში, ყველას აწ გარდაცვლილი უსამა ბენ ლადენი გაახსენდება.

„არსენალისტები" არიან ასევე მსახიობები – ტომ კრუზი, ჯოან კოლინზი, ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო და ჯგუფი „Queen"-ის ერთ–ერთი წევრი როჯერ ტეილორი.

არანაკლებ სახელიანი ქომაგები ჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედსაც". მათ სიაში არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, მსახიობები ბრედ პიტი, ორლანდო ბლუმი. მომღერლები: რობი უილიამსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ჰაკნელი და ცნობილი მძლეოსანი უსეინ ბოლტი.

ლონდონის „ჩელსის" გულშემატკივრობენ მსახიობები: გვინეტ პელტროუ, მეტ დეიმონი. მუსიკოსები – ენდი ფლეტჩერი და დეივ გაჰანი, გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი. ამ კლუბის ცნობილი გულშემატკივარია პირმშვენიერი შარლიზ ტერონი, რომელსაც „სტემფორდ ბრიჯის" ტრიბუნებზე საკუთარი ადგილიც აქვს.

„მანჩესტერ სიტის" ნამდვილი ფანები არიან ნოელ და ლაიამ გალაჰერები, თუმცა ეს, ქართველებისთვის ცნობილი ამბავია – გიორგი ქინქლაძე და გალაჰერები ახლო მეგობრები იყვნენ. „სიტის" მხარდამჭერები ასევე არიან მსახიობი ტიმოთი დალტონი და ცნობილი ინგლისელი მორაგბე ვილ გრინვუდი.

„ლივერპულს" ლამაზმანი ანჯელინა ჯოლი ქომაგობს. ამ გუნდის თაყვანისმცემლები აგრეთვე არიან მომღერლები კრის დე ბურგი და ემინემი.

„ლივერპულის" ფანი გახლდათ ლეგენდარული „The Beatles"-ის წევრი ჯონ ლენონი. სერ პოლ მაკარტნი კი „ევერტონს" გულშემატკივრობს. ამ კლუბის ქომაგია „მისტერ რემბოც“ - მსახიობი სილვესტერ სტალონე.

„ასტონ ვილას" პრინცი უილიამი, მომღერალი ოზი ოზბორნი და მსახიობი ტომ ჰენქსი ქომაგობენ.

„ტოტენჰემის" გულშემატკივრები მსახიობი ჯუდ ლოუ და მუსიკოსი ფილ კოლინზი არიან.