პოპის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონის უცნაურ ვითარებაში გარდაცვალება დიდი ხანია, განსჯის საგანია მთელს მსოფლიოში. ჯექსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება ერთი პერიოდი ჩიხშიც კი შევიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მომღერლის პირადი ექიმის ბრალეულობის შესახებ, კონკრეტული ფაქტები გამოიკვეთა, გამოძიებას დასკვნების გაკეთების საშუალება მალევე მიეცა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს – კონრად მიურეის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ. უცხოური სააგენტოების ცნობით, მოსამართლე მაიკლ პასტორმა კალიფორნიის სამედიცინო საბჭოსგან მიურეისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე ლიცენზიის შეჩერებაც მოითხოვა.
ბრალდების მტკიცებით, ექიმმა მომღერალს გამაყუჩებლებისა და დამამშიდებლების სასიკვდილო დოზა მისცა, რის შემდეგაც ჯექსონს შესაბამისი დახმარება არ აღმოუჩინა. ერთ-ერთ მტკიცებად პროკურორს მომღერლის დაცვის წევრის მონათხრობი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, მიურეიმ ჯექსონის საძინებელ ოთახში მხოლოდ სამედიცინო პრეპარატების შეგროვების შემდეგ მისცა სასწრაფო დახმარებისთვის დარეკვის საშუალება.
თუ ბრალდება დადასტურდება, მიურეის გისოსებს მიღმა ოთხი წლის გატარება მოუწევს. თავად ექიმი ბრალდებას რასაკვირველია უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებები არ შეიძლება ყოფილიყო ჯექსონის სიკვდილის მიზეზი. მანამდე სასამართლომ დაადგინა, რომ მომღერლის გარდაცვალების მიზეზი პროპოფოლისა და სხვა სამედიცინო პრეპარატების ზედმეტი დოზით გამოყენება იყო.