ის გარემოება, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და განაწყენებული შედის პოლიტიკაში, არის უბედურება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასეთი ფაქტები წარსულში არსებულ ხარვეზებზე მეტყველებს და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში ეს სისტემურად არ განმეორდეს.
„თვითონ ეს ფენომენი, რასაც გოგაშვილი ჰქვია, თავისთავად აჩვენებს გარკვეულ პრობლემას, რაც წარსულში იყო. ეს გამოსასწორებელია და მომავალში არ უნდა განმეორდეს. რაც შეეხება გოგაშვილის ბრალდებებს, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე და მათი ამოცანაა თავდაცვის რეჟიმში ჩაგვაყენონ. შეიძლება სისულელე, აბსურდი იყო, მაგრამ ყოველდღიურად გიწევს პასუხის გაცემა და ამის გარშემო უნდათ დღის წესრიგის აგება. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ. მარტივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გავრცელდა, იყო სისულელე. დარწმუნებულები ვართ, რაც მომავალში გავრცელდება, იგივე აბსურდი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ რეჟიმში დარჩენას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.