უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ შვიდწლიან ბიუჯეტს - ომზე ორიენტირებულ ბიუჯეტს უწოდებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ბიუჯეტში ყველა ხარჯი ომის ლოგიკით არის გაწერილი და საერთო თანხის 20%, უკრაინისთვისაა გამოყოფილი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ 2028-2034 წლის საბიუჯეტო გეგმა მორგებულია ევროკავშირზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ცდილობს მოსკოვის დამარცხებას და ლიბერალი მოკავშირეების ხელშეწყობას. ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ომის ბიუჯეტს“ და ითხოვს, რომ ბრიუსელმა პრიორიტეტი წევრი სახელმწიფოების განვითარების ინტერესებს მიანიჭოს.
„ბრიუსელის ელიტამ წარადგინა შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ომის ლოგიკაზეა აგებული. მილიარდები უკრაინისთვის, ნამცეცები ფერმერებისა და განვითარებისათვის. მათი მიზანია: დაამარცხონ რუსეთი, მოიყვანონ ხელისუფლებებში ლიბერალი მოკავშირეები და გააფართოონ თავიანთი გავლენის სფერო. ჩვენ უარვყოფთ მათ ფანტაზიებს, ჩვენ უარვყოფთ მათ წინადადებას - ევროპელებს ეკუთვნით კავშირი, რომელიც პირველ რიგში მათზე ზრუნავს“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.