რამდენიმე დღის შემდეგ ქართული საფეხბურთო გუნდები ევროთასების მორიგ გათამაშებაში ჩაებმევიან. საქართველოს ღირსებას თავდაპირველად საჩხერეს „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაიცავს. ბიძინა ივანიშვილის სამშობლოს კლუბი 4 ივლისს, თბილისში ლიხტენშტაინის „ვადუცს“ უმასპინძლებს და წესითა და რიგით გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. „ტორპედოს“ კენჭისყრამ გაცილებით სერიოზული მეტოქე არგუნა. სლოვაკეთის „ჟილინა“ ევროპული მასშტაბით განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ იმერული კლუბის ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს.
ცოტა ხნის წინ „ტორპედოში“ სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, კლუბიდან თითქმის ყველა მოთამაშე დაითხოვეს და ეს ფეხბურთელები თბილისის „ლოკომოტივში“ მოასპარეზე ახალგაზრდა, მაგრამ გამოუცდელი ჭაბუკებით ჩაანაცვლეს. ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია, მაგრამ მათი გამოცდილება მხოლოდ საქართველოს პირველ ლიგაში ასპარეზობით შემოიფარგლება. მართალია ასაკობრივ ნაკრებში თამაშობენ, მაგრამ რასაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქვია, ჩვენს პირველ დივიზიონში ღებულობენ. ქუთაისურ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელიც ჰყავს - ჯერჯერობით გაურკვეველი კვალიფიკაციის მქონე ესპანელი მულეტ სარაგოსა.
იმედი მაქვს რომ „ტორპედოს“ ახალწვეულები მომავალში თავს არ შეირცხვენენ და ახალ გუნდს საქართველოს პირველობის ერთ-ერთ ლიდერად გადააქცევენ. მანამდე კი ბიჭებს პირველი სერიოზული გამოცდის ჩატარება მოუწევთ. მათ საკუთარი სიძლიერე ადგილობრივ გულშემატკივრებსაც უნდა დაუმტკიცონ, რომლებიც გუნდის გადახალისების პროცესით და ყოფილი მწვრთნელი გია გეგუჩაძის გათავისუფლებით კმაყოფილები ნამდვილად არ არიან.
„ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბი „ჯუნგლები“ უკმაყოფილებას გამოვთქვამთ კლუბის მფლობელის, კომპანია „ვისოლის“ ბოლოდროინდელ მუშაობაზე.
„ვისოლმა“ ქუთაისში კარგად დაიწყო მუშაობა და კლუბს ძველი ტრადიცია დაუბრუნა, თუმცა ახლა უკვე სწორედ ამ ტრადიციისა და ღირსების შელახვას ცდილობს. გუნდიდან გაუშვეს საქართველოში ყველაზე წარჩინებული მწვრთნელი გია გეგუჩაძე, დაიწყეს გუნდის გაახალგაზრდავება, ევროტურნირების წინ დაასუსტეს შემადგენლობა, მიიყვანეს 17-19 წლის ფეხბურთელები. ასევე გუნდიდან უშვებენ თითქმის ყველა ქუთაისელ ფეხბურთელს. არის საუბარი, რომ გუნდი ბაზას თბილისში, კერძოდ საგურამოში, „ლოკომოტივის“ ბაზაზე დაიდებს;
ეს ყველაფერი „ტორპედოსა“ და ქალაქის შეურაცხყოფაა. ქუთაისი სულ იყო ნიჭიერი ფეხბურთელების მიმწოდებელი საქართველოს ნაკრებისთვის და ძნელი წარმოსადგენია, რომ „ტორპედოში“ ვერ გამოიძებნოს ადგილი ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის. საუბრობენ, რომ 3 წლის განმავლობაში მუშაობს აკადემია, თუმცა, ამ დროის მანძილზე გუნდში მხოლოდ 2 ადგილობრივი ფეხბურთელი გამოჩნდა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ქუთაისის „ტორპედო“ გახდეს ქალაქისთვის შესაფერისი ამბიციური და მიზანმიმართული გუნდი. საამისოდ „ვისოლს“ ძალიან ცოტა დრო აქვს. თუ კლუბის მფლობელი კომპანია ვერ შეძლებს ამ პირობის შესრულებას, უმჯობესი იქნება გაყიდოს კლუბი მასზე, ვინც „ტორპედოს“ დაეხმარება მაღალი მიზნების შესრულებაში.“
ზემოთ მოყვანილი განცხადება „ტორპედოს“ ქომაგებს ეკუთვნით და დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ გუნდის ფანები ახალწვეულ მოთამაშეებს თავიდანვე მხარში დაუდგებიან და სტადიონის ტრიბუნებიდან ობსტრუქციას არ მოუწყობენ. ზემოთმოყვანილი ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო მეურნეობის წარმართვაში აშკარად მოვიკოჭლებთ და ამა თუ იმ გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი მისი მფლობელის ხასიათზეა დამოკიდებული.
გია გეგუჩაძე კი დიდი ალბათობით „ზესტაფონში“ დაბრუნდება, გუნდში რომელიც 2011 წელს უკვე დატოვა. რამდენიმე დღის წინ ქართულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ზესტაფონი“ დაშლის გზაზეა, მის საბანკო ანგარიშებს ინკასო ადევს და კლუბის მთელი ქონება საგადასახადო გირავნობით არის დატვირთული. საშიშროება ემუქრებოდა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და „ზესტაფონის“ ბაზაზე მდებარე მინდვრებს, რადგან კლუბს ელექტროენერგიის გადასახადი - 2275.91 ლარი დაუგროვდა და იყო საშიშროება მისთვის დენი გამოერთოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინდვრები ვეღარ მოირწყვებოდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოსდა გუნდს ეშველა და ბატონი ილია კოკაია დაბრუნდა. უფრო მეტიც. კოკაი ახალი ამბიციური გუნდის შექმნას აპირებს და მისი პირველი ნაბიჯი გია გეგუჩაძის დაბრუნება იქნება.
„ზესტაფონი“ გადარჩა, სამაგიეროდ მძიმე დღეები „ზუგდიდს“ დაუდგა. ქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები ჯერ ვერ მოინახა და კლუბის არსებობა ეჭვის ქვეშ დადგა.
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი ღრმა უფსკრულისაკენ ეშვება და ამ ვარდნის შესაჩერებლად ნაბიჯები არ იდგმევა. გასულ წელს „ქართული ოცნების“ სპორტულ თემატურ ჯგუფში, „სპორტის განვითარების კონცეფსიის“ შემუშავება მთელი სერიოზულობით მიმდინარეობდა. ამ პროექტის პრაქტიკაში განხორციელებით ქართულ სპორტში, მათ შორის ფეხბურთშიც სასიკეთო ძვრები უნდა დაწყებულიყო. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაახლოებით ცხრა თვე გავიდა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ეს პროექტი თითქოს დაივიწყეს. მესმის რომ ქვეყნის წინაშე არაერთი პრობლემაა, მაგრამ რიგმა ოდესღაც სპორტამდეც ხომ უნდა მოაღწიოს. უკვე რამდენი წელია ისმის საუბრები, რომ თუნდაც ფეხბურთში მოღვაწე ბიზნესმენებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს. სპორტის სამინისტროში მოღვაწე ადამიანებმა გასული წლის დაპირებები უნდა გაიხსენონ და უფრო აქტიურო მოქმედება დაიწყონ.
თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ ბატონმა გელა კეტაშვილმა გაილაშქრა. საქართველოში კოლეგების მიმართ კრიტიკის გამოთქმას ყოველთვის ერიდებიან. ეს „ტრადიცია“ ფეხბურთში ჩვენმა ერთადერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაარღვია.
„საქართველოს ნაკრებში პროცესები იმდენად არასწორად ვითარდება, საუბარიც კი მიჭირს. როცა გუნდი 1:0 დაწინაურდება, მეტოქე კაცნაკლულია და მწვრთნელს მოედნიდან თავდამსხმელი გამოჰყავს, ეს უვიცობად მიმაჩნია. ქეცბაიას თავისი ამბიციები დაღუპავს, თუ უკვე არ დაღუპა. დღეს მოდაში ცხვირის აწევაა. ამდენი წაგებული თამაშის მერე, ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდიდი, ქუდს დავიხურავდი და წავიდოდი. მე ქეცბაიაზე ცუდს არაფერს ვამბობ, მასზე თამაშის ხარისხი ღადაღებს.“
ბოლო წლების განმავლობაში გელა კეტაშვილი ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი აღმოჩნდა რომელმაც ბატონი თემური დაუფარავად გააკრიტიკა. რა უნდა გითხრათ. კეტაშვილს ნამდვილად ვეთანხმები და დროა ქეცბაიამ დარჩენილი მცირეოდენი ავტორიტეტის შენარჩუნებისათვის იზრუნოს.
დღევანდელი „სპორტული ფიქრების“ დასასრულს ერთი ისტორია მსურს გაგახსენოთ. 1987 წელს ლანჩხუთის „გურია“ ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. სამწუხაროდ მაღალ დონეზე ადგილი ვერ შეინარჩუნა და კვლავ პირველ ლიგაში დაბრუნდა. იმ დროს თბილისის „დინამო“ ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. გურული გულშემატკივრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ იმ წელს მათი საყვარელი გუნდი თბილისიდან გაიწირა. საქართველოს დედაქალაქში სპორტის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ჩათვალეს რომ ქვეყანას ორი უმაღლესლიგელი გუნდის შენახვის ფუფუნების უფლება არ ჰქონდა. იმ ჩემპიონატის დასასრულს „გურია“ მეტოქეებს თურმე ქულებს ჩუქნიდა, ის გუნდები კი მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ უწვებოდნენ.
რასაკვირველია ზემოთმოყვანილი ფაქტის უტყუარობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. რამდენიმე ლანჩხუთელმა პირად საუბარში ისიც მითხრა, რომ მაშინ ხარკოვის „მეტალისტთან“ მატჩის შემდეგ ქალაქში საფეხბურთო ჯანყი განხორციელდა და ადგილობრივები რუსის სპეცნაზს დაუპირისპირდნენ. რასაკვირველია მაშინ სხვა დრო იყო და თუ ეს ინციდენტი მართლაც დაფიქსირდა, ის დღის სინათლეზე არ გამოუტანიათ. ქვემოთ ჩემი ლანჩხუთელი ნაცნობის ნალაპარაკევს შემოგთავაზებთ. ამ სტრიქონების წამკითხველებს თუ ამ ინციდენტზე რაიმე ინფორმაცია ექნებათ, მოხარული ვიქნები თუ თავიანთ სიტყვას შემოგვაწევენ.
„როდესაც გურია პირველად დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში, მაშინ თბილისის ,,დინამოც,, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. გამოდიოდა რომ პატარა საქართველოს უმაღლეს ლიგაში 2 გუნდი ჰყავდა. და საქმე ისე იყო, რომ, ან ,,გურია,, ან „დინამო“ უნდა დარჩენილიყო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. სამწუხაროდ „გურია“ გაიწირა, (ჩამოაქვეითეს პოლიტიკურად) რადგანაც თბილისში გადაწყვიტეს რომ, თუ რომელიმე ქართული კლუბი უნდა დარჩენილიყო, ეს „დინამო“ უნდა ყოფილიყო, რადგანაც „დინამო“ საქართველოს, და კერძოდ თბილისის სახეც იყო.
ამ ამბავმა ლანჩხუთელ გულშემატკივრებში გაჟონა. გაგიჟდნენ გურულები, ლანჩხუთის რაიკომის მდივანთან შევიდნენ, - ძალით თამაშს ნუ წააგებთო!!! რაიკომის მდივანმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ეს ამბავი გამორიცხულია, თბილისიდან დაგვავალესო.
იმ წელს ბოლო თამაშები, თან საკუთარ მინდორზე დათმო ,,გურიამ,
აღელდა ჩემო ძმაო უბრალო გურული ხალხი და ლანჩხუთში ჯანყი დაიწყო.
ბუნტი ესე არ უნდაო და მთავრობამ მობილიზებული რუსი სპეცნაზი მიუშვა გურულებზე.
,,მაი მასე არ უნდაო“ და გურულებმა დასცხეს ერთიანი ძალებით სპეცნაზს, საკმაოდ ბევრი სპეცნაზელი მოხვდა იმ დღეს ლანჩხუთის საავადმყოფოში.
რატომ მოგვატყუილეთო და, დალეწეს სიმწრით აშენებული სტადიონი, გასახდელში მინები ჩაამსხვრიეს. დიდი ზარალი მიადგა მაშინ ,,გურიას,, სტადიონს. იქვე სტადიონის წინ, საკონსერვო ქარხანა იყო, (ბევრი ქილა ინახებოდა იქ, მთელ საბჭოთა კავშირში იგზავნებოდა ქარხნიდან პროდუქცია). უამრავი 2 და 3 ლიტრიანი ბანკები მოხვდა მაშინ „სანაქებო რუსის“ სპეცნაზს“.