„აფხაზეთი არ არის საქართველო“ - ასეთი წარწერებს გაგრაში ხშირად შეხვდებით და აფხაზები ამ სლოგანს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებენ. ამის შესახებ for.ge-ს გალიდან დევნილმა სტუდენტმა, ქეთი იზორიამ უამბო, რომელიც გაგრაში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა სტუდენტის თქმით, აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო ზონაში ყოფნისას გაგრის სანაპიროზე ქართულადაც კი იცეკვა.
როგორ მოახერხეთ გაგრაში წასვლა?
- გალის რაიონში ვცხოვრობ. საერთოდ, ჩვენთვის აფხაზეთის საკურორტო ზონებში დასვენება მიუწვდომელია. გაგრაში და სოხუმში წასვლაზე ვფრთხილობთ. ამასთან, ჩვენთვის კომფორტული გარემო არაა, რადგან იქ ქართველები არ არიან. ახლა სამეგობრომ გადავწყვიტეთ ერთი დღე ექსკურსიაზე წავსულიყავით. სიმართლე გითხრათ, პრობლემა არ შემქმნია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულად არ ვსაუბრობდი. ადრეც, პრინციპულად, როგორც სოხუმში, ასევე გაგრაში ქართულად ვლაპარაკობდი. წარმოიდგინეთ, გაგრის სანპიროზე ქართულადაც კი ვიცეკვეთ. რა თქმა უნდა, უცნაური მზერაც იყო, თუმცა ღიმილიან სახეებსაც ვხედავდით. ორი წლის წინაც ვიყავი და მაშინ ორი აფხაზი ახალგაზრდა მოვიდა და აფხაზური აქცენტით ქართულად დაგველაპარაკნენ.
თქვენ დევნილის საბუთი გაქვთ, რითიც გალში გადადიხართ, თუმცა გაგრაში წასვლისას გჭირდებათ კიდევ დამატებით დოკუმენტები?
- უპრობლემოდ მივდივართ, თუმცა გზაზე საბუთებს ითხოვენ, ვარ თუ არა იქაური მაცხოვრებელი და გადაპარული ხომ არ ვარ. პირადად, მე დროებითი მაცხოვრებლის საბუთი მაქვს, რომელსაც გარკვეული ვადით იძლევიან, ახლა 5-წლიანი მაქვს. რადგან სტუდენტი ვარ და თბილისში ვსწავლობ, პრობლემებიც შემქმნია საბუთის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მდინარის გადაცურვა დამჭირვებია, რომ აფხაზეთში გადავსულიყავი. გალიდან კონკრეტული საზღვარი არ არის, უბრალოდ გზაზე პოლიციის პუნქტებია, სადაც აჩერებენ და ამოწმებენ.
როგორია დღევანდელი გაგრა, როგორი სიტუაციაა?
- გაგრას ომის კვალი კიდევ ატყვია, მაგრამ ასე თუ ისე, უკეთესობისკენ შეიცვალა. დღევანდელი გაგრა არის ფერადი, მაგრამ ამ სიფერადეში ომის შედეგად დანგრეული შენობაც ბევრია, ძალიან ბევრი შენობა მიტოვებული და დანგრეულია. ავტომანქანებს აფხაზური ნომრებით ვერ ნახავთ, იქაურობა რუსებითაა სავსე.
თქვენ პრობლემა არ შეგქმნიათ, მაგრამ ქართველების მიმართ მაინც რა დამოკიდებულება აქვთ?
- ჩვენ მათთვის მტრები ვართ, საქართველოსთან გაერთიანებაზე საუბარიც ზედმეტია. ამის მიუხედავად, ბიჭვინთასთან დაკავშირებით, აფხაზმა ახალგაზრდებმა რუსეთის მიმართ პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ქართველების მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ. წარწერებიც კი არის ასეთი - „აფხაზეთი არ არის საქართველო“ , ასეთ წარწერებს სოციალურ ქსელშიც შეხვდებით. გასულ წელს გაგრაში შეგვემთხვა ასეთი ფაქტი - ერთ-ერთ რესტორანში არ შეგვიშვეს, რადგან ქართულად ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, გალში ბევრმა მეგრელმა აფხაზობა დაიბრალა და ქართველობა გაყიდა.
ქართველობა გაყიდეს, იმიტომ რომ აფხაზეთში დასაქმდნენ?
- ზაფხულის სეზონზე ახალგაზრდები კაფეებში მუშაობენ. ტყვარჩელისკენ რთველია, ასევე თხილის კრეფაზე არიან დასაქმებულები. გალიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სამუშაოდ.
უცხოელი ტურისტები თუ შეგხვდათ?
- რუს ტურისტებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც იყვნენ, შეგხვდნენ კიდეც.
და წარმოიდგინეთ ლტოლვილებმა რა გამოიარეს და რა დღეში არიან??
არა .... ზოგიერთები რომ კარგად არ მოიქცნენ .....მაგრამ მაინც---დიდი უბედურება დაატყდა მაშინ საქართველოს,ძალიან დიდი, ენით აუწერელი