Maroon 5-ის ვოკალისტი, ადამ ლევინი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მოდელმა სამნერ სტრომ TikTok-ზე განაცხადა, რომ მომღერალთან ერთწლიანი რომანი ჰქონდა და თან პირადი მიმოწერაც გაასაჯაროვა.
"რომანი მქონდა კაცთან, რომელიც Victoria's Secret-ის მოდელზეა დაქორწინებული. მაშინ ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი და ვგრძნობდი, რომ მიყენებდნენ. მაშინ არ ვიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ და ჩემი მანიპულირება ძალიან მარტივი იყო", — განაცხადა სამნერ სტრომ.
სტრომ ადამ ლევინთან პირადი მიმოწერაც გაასაჯაროვა, თუმცა დაშორების მიზეზი არ უხსენებია. შეგახსენებთ, რომ ადამ ლევინი და Victoria's Secret-ის მოდელი, ბეჰატი პრინსლუ 2014 წლიდან დაქორწინებულები არიან.
"რეალურ ცხოვრებაში 50-ჯერ უფრო მიმზიდველი ხარ" — ვკითხულობთ გავრცელებულ "სქრინზე", რომელშიც მომღერალი და სტრო ერთმანეთს შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
სტროს თქმით, დაშორების შემდეგ ადამმა ისევ მისწერა. როგორც "სქრინზე" ვხედავთ, მომღერალმა სტროს შეატყობინა, რომ მალე შვილი ეყოლებოდა და მისთვის სამნერის დარქმევა სურდა.
ამ "სქრინმა" ინტერნეტი მაშინვე აალაპარაკა და ადამ ლევინის ურთიერთობები განხილვის თემად იქცა. სქრინების გავრცელების შემდეგ ადამ ლევინთან ურთიერთობა კიდევ ერთმა მოდელმა, ელისონ როუზმაც გაასაჯაროვა. როუზმა მომღერალთან მიმოწერის სქრინები გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ რომანი არ ჰქონდათ და ლევინს არასდროს შეხვედრია.
სტროს მიერ გამოქვეყნებული სქირნების შესახებ ადამ ლევინმა კომენტარი უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდელთან რომანი არ ჰქონია, თუმცა მიმოწერაში ზღვარს გადასცდა. "რომანი არ მქონია, თუმცა ჩემი ცხოვრების მძიმე მომენტში ზღვარს გადავაბიჯე. ჩემი ცოლი და ოჯახი ერთადერთია, რაც ამ სამყაროში მაღელვებს. სულელი და გულუბრყვილო ვიყავი, როცა ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკის ქვეშ დავაყენე. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც კი ოდესმე შემეძლო დამეშვა. ამას არასდროს გავიმეორებ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ", — წერს ადამ ლევინი.