თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში სასწავლო პროცესი პროტესტის ფონზე დაიწყო. სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას მოითხოვენ. ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე განათლების სამინისტრო ალტერნატიულ გზას არ შესთავზეს. ვითარების გამწვავება გასაქირავებელი ბინების დეფიციტმა და შესაბამისად, არანორმალურად გაძვირებამ გამოიწვია. ამ ეტაპზე 600 ლარზე ნაკლებად ბინა თბილისის არც ერთ უბანში არ ქირავდება, ხოლო ძირითად შემთხვევებში ფასი 1000 ლარს აღემატება.
„ვაპროტესტებთ დღეს საქართველოში ბინების ასეთ დონეზე გაძვირებას, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ააშენოს საერთო საცხოვრებელი. მანამდე კი მოხდეს ბინების სუბსიდირება, რადგან დღევანდელ ფასებს რომ გადავხედოთ, რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთან 80% არ აქვს იმის საშუალება, რომ დარჩეს ღამე თბილისში, რათა მეორე დილას მივიდეს უნივერსიტეტში“, - ამბობენ პროტესტის მონაწილეები.
გაძვირებული ბინების პრობლემამ, რის გამოც სტუდენტები მთელი წელი დისტანციურ სწავლებას ითხოვდნენ, სექტემბრში ორმაგად იჩინა თავი.
„ვეძებ ბინას დიღომში 900 ლარამდე“.
„ვეძებთ ორი სტუდენტი გოგო 600-დან 700 ლარის ფარგლებში ბინას“.
„ვეძებ ბინას 300-400 ლარის ფარგლებში ნებისმიერ მეტროთან ახლოს, განვიხილავ დიასახლისთან ერთადაც“.
ფეისბუკზე ბინების გაქირავების ჯგუფში ამგვარი პოსტები აგვისტოს ბოლოს გახშირდა. თუმცა, ბინას ზოგი დღემდე ვერ პოულობს. მათ შორისაა მარიამ გურაშვილიც, რომელიც თსუ-ში ფილოსოფიას სწავლობს. პირველ წელს, როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, ბინის ერთ ოთახს 150 ლარად ქირაობდა. მეორე წელს ნათესავთან დარჩა. წელს უკვე შეგუებული იყო, რომ ბინა 500 ლარი დაუჯდებოდა, თუმცა მოულოდნელად მეპატრონემ მოუბოდიშა და პირდაპირ უთხრა, რომ უცხოელებზე აქირავებს.
მარიამმა ბინა დასთან ერთად უნდა იქირაოს, ამიტომ ხარჯს ვერავისთან გაიყოფს. ამავე მიზეზით არ გამოუვიდა თსუ-ის საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაც, მისი და კერძო ინსტიტუტში სწავლობს.
„ფასები სამჯერ არის გაზრდილი. ერთოთახიანი ბინები ვარკეთილში 700-800 ლარი ღირს და არც პირობებია ფასის შესაბამისი. სარეცხის მანქანა ხომ უნდა იყოს ან მაცივარი? ამასაც ვერ გთავაზობენ. ბავშვებს ვამზადებ ინგლისურში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ეს კვირა ვერ ჩამოვედი თბილისში. საერთოდ განვიხილავდი, რომ აკადემიური ამეღო, მაგრამ ბოლო მომენტში რომ ბინა ვიპოვე, გადავიფიქრე. ახლა ისე გამოვიდა, რომ დავკარგე ის ბინა. იმედი მაქვს, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება, ვინც სტუდენტებზეა ორიენტირებული, თუმცა ამისთანებიც სულ უფრო ცოტანი გვხვდებიან“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ მარიამმა.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში სველი წერტილები ახლა წესრიგდება. ზაფხულში, სანამ სწავლა დაიწყებოდა, რემონტი ვერ მოხერხდა.
ამ ეტაპზე 600 ლარზე ნაკლებად ბინა თბილისის არც ერთ უბანში არ ქირავდება, ხოლო ძირითად შემთხვევებში ფასი 1000 ლარს აღემატება. ცალკე პრობლემაა გასაქირავებელი ბინების დეფიციტი. როგორც უძრავი ქონების კომპანია „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ვარაუდობს, მდგომარეობის გამოსწორებას დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდება.
მისი აზრით, სიტუაციას მნიშვნელოვნად გამოასწორებს სტუდენტური საცხოვრებლების გახსნა, რადგან სეზონურად, შემოდგომის დასაწყისში სწორედ სტუდენტების ფაქტორის გამო იზრდება ქირის ფასი.
„როგორც წესი, სტუდენტები ბინებს ქირაობენ 10 თვით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ისინი რაიონებში არიან და ცხადია, არ აწყობთ, ამ პერიოდში ტყუილუბრალოდ გასწიონ ბინის ხარჯი. როგორც ვიცით, სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ნუცუბიძის პლატოზე, 120-160 ლარი ღირს ბინა ერთი სტუდენტისთვის, რაც საკმაოდ მისაღები ტარიფია. თუკი ასეთი საცხოვრებლები აშენდება სტუდენტებისთვის (ამას დიდი დრო არ უნდა, 1 წელი გონივრული ვადაა), ფასები გარკვეულწილად დაიკლებს.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნივერსიტეტს აქვს კორპუსები, სადაც ცხოვრება შესაძლოა, იყოს ფასიანი, მაგრამ ის მორგებულია სტუდენტურ საჭიროებებზე და მათი ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ლაჩაშვილმა.
რაც შეეხება მოლოდინს, უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ დროთა განმაცვლობაში მოთხოვნა შემცირდება ბელარუსი და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან და სტუდენტებს საკითხიც მოგვარდება. აქედან გამომდინარე, გასაქირავებელი ბინებზე ფასი ყველა ვარიანტში დაიკლებს.