31 წლის ეფი ღენითი თურქეთის საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა - განათლებით იურისტს, ლონდონის სამეფო კოლეჯი და სტამბულის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული; დღესდღეობით, ერთერთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისი თვალით დანახული „თურქული ზაფხულის“ მოვლენები.
ეფი, გეზის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია მანიფესტანტებისგან გაწმინდეს, აქტივისტები დააპატიმრეს, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც არ ცხრება. რას ითხოვს ხალხი? საპროტესტო ტალღაზე რაიმე ახალი , ორგანიზებული სამოქალაქო მოძრაობა ხომ არ ყალიბდება?
- ტაქსიმის მოედანზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად, თურქეთში გაჩნდა საზოგადოება, რომლისთვისაც ლიბერალური ღირებულებები და დემოკრატია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს გახლავთ ივნისის პროტესტის შედეგი და უმთავრესი მიღწევა. რაც შეეხება ახალ მოძრაობასა და ლიდერებს - ამ ეტაპზე არ არსებობენ არც აქტივისტები, არც - ლიდერები; არც - რაიმე მოძრაობა. მართალი გითხრათ, აღარც გეზი-პარკია აქტუალური. ხალხის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი პოლიციის ძალადობა აღმოჩნდა, რამაც სულ სხვა მოთხოვნებს მისცა დასაბამი.
რამხელა მსხვერპლი მოყვა პოლიციასთან შეტაკებებს?
- თურქული ყოველდღიური გაზეთის, „ჰურიეტის“ ინფორმაციით, ოთხი ადამიანი გარდაცვალა, სამოცი მძიმედ დაშავდა, შვიდი ათას რვაასზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო; ათობით ათასმა კი პირველად „იგემა“ წიწაკის გაზი.
სტამბოლის ადვოკატთა კოლეგიის განცხადებით, მანიფესტანტები აგრესიით არ გამოირჩეოდნენ. პოლიცია კი მეტისმეტად ხშირად იყენებდა გადაჭარბებულ ძალას, რის გამოც ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოთქვა შეფოთება
ხაზგასმით აღვნიშნავ - თურქეთში არ მიმდინარეობს ომი, ქვეყანა სულაც არ არის გახვეული ცეცხლში, როგორც ამას ზოგი მედიასაშუალება წარმოაჩენს. მანიფესტანტები უმეტესად სტუდენტები და ინდუსტრიული საზოგადოების ე.წ. „თეთრპერანგიანი“ ხალხია - ანუ, ახალგაზრდა, საქმიანი პროფესიონალები, რომელთაც სამსახური და ყოველდღიური რუტინა აქვთ, არ სჭირდებათ ომი და ლიდერები. მათ უმნიშვნელოვანესი ღირებულება - „არა ძალადობას!“ აერთიანებთ. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ ტაქტიკა შეიცვალა. მისი პრინციპი შეიძლება ასე გამოვხატოთ: „ გონების ძალა პოლიციური ძალის საპირისპიროდ“.
„გონების ძალა“ ბრძოლის რაიმე ახალ, გონებამახვილურ ფორმებს გულისხმობს?
- ყველა სოციალურ ჯგუფს თავისი ინტერესი აქვს და პროტესტის შესაბამის ფორმას ეძებს: ზოგი ფეისბუქში აქტიურობს, ზოგი ყოველ საღამოს 9 საათზე აივანზე გამოდის და ნახევარი საათის მანძილზე სამზარეულოს ჯამ-ჭურჭლის ხმაურით გამოხატავს უკმაყოფილებას. ზოგი ტაქსიმის მოედანზე გადის და ერთსაათიან მდუმარე აქციას აწყობს. იქმნება პატარა ფორუმები, სადაც მოსახლეობა ტაქსიმის ამბებზე მსჯელობს... ხლხის სხვადასხვა ჯგუფები, პერიოდულად მოედანზე ყვავილებით მიდის და გარდაცვლილებს მიაგებს პატივს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ პროტესტი გარედან იყო ინსპირირებული. რას გულისხმობდა პრემიერი?
- თურქეთს საკმაოდ ძლიერი დაზვერვა ყავს. ეს რომ გარედან ყოფილიყო დაგეგმილი, ხელისუფლებას ამის შესახებ ჯერ კიდევ პროტესტის დაწყებამდე ეცოდინებოდა და შესაბამის ზომებსაც მიიღებდა.
ყველაფერი სპონტანურად, სტიქიურად მოხდა, არავინ იცოდა რაში გადაიზრდებოდა პარკის დასაცავად გამოსული ხალხის მანიფესტაცია - არც ხალხმა და არც ხელისუფლებამ.
ფაქტია, პოლიციის ძალადობამ დომინოს ეფექტი გამოიწვია.
ესქპერტები მიიჩნევენ, რომ ერდოღანს მისივე ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საშუალო კლასი დაუპირისპირდა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები - მართველი პარტიის ისლამურ ღირებულებებს რამდენად შეეთავსება საშუალო კლასისთვის სასურველი ვესტერნიზაცია და ლიბერალური მოთხოვნები?
- ერდოღანი ქმნის საზოგადოებას, რომელშიც თურქების უმეტესობას უკვე აღარ სურს ცხოვრება. პრემიერი ხალხს ისე ექცევა, როგორც გაბრაზებული მამა ჭირვეულ ბავშვებს - ფაქტიურად, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს. მას აღრაფრად მიაჩნია საშუალო კლასის სურვილები და მისწრაფეებები.
ჩემი აზრით, საშუალო კლასი მხოლოდ ერდოღანის ეკონომიკურ რეფორმებს არ შეუქმნია. ეს სოციალური ფენა ჩვენში მანამდეც იყო და უმეტესად, ლიბერალური ფასეულობების, მემარცხენე ორიენტაციის ადამიანებისგან შედგებოდა. ეს ხალხი, რომელთა შორის ბევრი ინტელექტუალია, როგორც წესი, მემარცხენე რესპუბლიკური სახალხო პარტიის ელექტორატს წარმოადგენს.
საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ინება ქვეყნის სათავეში. მთავარია გატარდეს დემოკრატიული რეფორმები; პატივი სცენ განსხვავებულ აზრსა და მანიფესტაციის უფლებას. ჩვენ მეტი პლურალიზმი გვინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეული ხელისუფლება საზოგადოების ყველა სეგმენტის სურვილებსა და მოთხოვნებს უნდა ითვალისწინებდეს - იმის მიუხედავად რომელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერი იქნება სოციუმის ესა, თუ ის ჯგუფი.
არის დღეს თურქეთის პარლამენტში, ან მის გარეთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის დიდი ნაწილის სიმპატიას მოიპოვებდა?
ჩემი აზრით, დღევანდელ მეჯლისში არცერთ პარტია არ სარგებლობს ამომრჩევლის განსაკუთრებული კეთილგანწობით. ასე, რომ, მათ ხალხის გაერთიანების პოტენციალი არ გააჩნიათ.
ჯერჯერობით ვერც პარლამენტს გარეთ ვხედავ ისეთ პოლიტიკური ძალას, რომელიც ახალ მოთხოვნების უპასუხებდა. მინდა აღვნიშნო, რომ მამებისგან განსხვევებით, ჩვენი თაობა სრულიად აპოლიტიკურია. ჩემი თანატოლები დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ ხელისუფლების სათავეში მოსულ პარტიებს მემარჯვენე ორიენტაცია აქნებათ, თუ - მემარცხენე, კონსერვატორები იქნებიან, თუ ლიბერალები. მთავარია ერთი რამ - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.
როგორ უყურებს თურქული საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას? რამდენად ერთსულოვანია პროდასავლური მისწრაფება?
- საზოგადოების ყველა სეგმენტს ევროკავშირში სურს გაერთიანება. ამის თაობაზე კითხვებიც კი არ იბადება. მაგრამ ლიბერალებიც, ისლამისტებიცა და ინტელექტუალებიც მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს არ ვჭირდებით . ევროპის ბერკეტები თურქეთზე დღედღეობით გაცილებით ნაკლებქმედითია, ვიდრე ოდესმე.
რატომ? ეს უკვე უარს ნიშნავს? რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოლაპარაკებები შეიძლება შეჩერდეს?
- ერთ-ერთი მოლაპარაკება დამდეგ თვეში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, ვფიქრობ, გერმანია დაბლოკავს. მიზეზები, რათქმა უნდა, ექნებათ, მაგალითად, კვიპროსის საკითხი.
ტექნიკურად, უამრავი საბაბია ევრიკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, უმთვრესი მაინც ქვეყნისა და მოსახელობის სიდიდეა. თურქები სამოცდაათ მილიონ შვიდასი ათასზე მეტნი ვართ. გერმანიის მერე, მოსახლეობის სიდიდით მეორე ქვეყანა ვიქნებით ევროკავშირში. რამდენად აწყობს ევროპას ხმის უფლება ასეთმა დიდმა, თანაც მუსულმანურმა ქვეყანამ მიიღოს?
დავუბრუნდეთ ისევ „გეზიპარკის პროტესტს“ - ხომ არ გამოუხატავთ საჯარო პოზიცია არმიის გენერლებს? რამდენად იყო იმის შესაძლებლობა რომ ისინი დაპირისპირებაში ჩარეულიყვნენ და მანიფესტანტთა მხარე დაეჭირათ?
- გენერლები დათრგუნეს ე.წ. „ერღენეკონის პროცესით“. სკანდალები ორგანიზაცია „ერგენეკონთან“ დკავშირებით, 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და 2011 წელს რამდენიმე ასეული ადამიანის დაკავებით დასრულდა. პროკურორებმა „ერგენეკონს“ტერორიზმში წაუყენეს ბრალი - ფაქტიურად, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური ძალადობის ყველა აქტი ამ ორგანიზაციას დაუკავშირეს. ამას გარდა, გამოძიებამ გამოავლინა „ერღენეკონის“ სავარაუდო ურთიერთობა თურქეთის შიარაღებულ ძალების რამდენიმე დაჯგუფებასთან, რომლებიც თითქოსდა არსებული ხელისუფლების ჩამოგდებას გეგმავდნენ. ამ გამოძიების შედეგად, სამი გადამდგარი გენერალი დააპატიმრეს.
აქედან გამომდინარე, სამხედროები, ძველებურად თამამად აღარ გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე. მეორეს მხრივ, არც არავინ მოუწოდებს მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად. პროტესტი, როგორც ვთქვი ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება და რევანშს არ ისახავს მიზნად.
რამდენად ძლიერია კლერიკალების გავლენა თურქულ საზოგადოებაზე?
- კონსტიტუციაში მკაცრად არის გაყოფილი მეჩეთი და სახელმწიფო. განსაზღვრულია, რომ სამართალი ვერ დაეფუძნება რელიგიურ ნორმას. მიუხედავად ამისა, კლერიკალები ჩვენში არ არიან დამოუკიდებლები. იმამებისთვის მეჩეთი სახელმწო სამსახურის მსგავსი რამაა. თუმცა, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერცერთი მათგანი ვერ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. კი ბატონო, მათი ნება და უფლებაა უყვარდეთ ისლამური სწავლებით აღზრდილი პოლიტიკოსები, ანდა ისლამისტი ინტელექტუალები, მაგრამ ამის იქეთ ისინი ვერ წავლენ!
გისურვებთ წარმატებებს ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების მოსაპოვებლად
- ფაქტიურად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ მიზანს - ხალხი ძალას არ დაემრჩილა და პროტესტს განაგრძობს. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ახლა ყველამ იცის, რომ მათ საჯაროდ შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება. დიდი მიღწევაა ისიც, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ერთმანეთის მოთხოვნებს ანგარიშს უწევენ.
როგორ გესახებათ ქართულ-თურქული ურთიერთობების პერსპექტივა?
- ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც თურქეთი თავის პრობლემებს მოაგვარებს, საქართველოსთან უერთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ რაღაცით ერთმანეთსაც ვგავართ. მართალია, პიროვნულ დონეზე თურქებსა და ქართველებს მაინცდამაინც ახლო კავშირები ერთმანთთან არ აქვთ, მაგრამ ქართველები ჩემი აზრით, ყველაზე განვითარებული საზოგადოებაა თურქეთის სამეზობლოში და მთელს კავკასიის რეგიონში.