გასული წლის შემოდგომაზე პოპულარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ტურინის „იუვენტუსს“ გამოემშვიდობა და კარიერა შორეულ ავსტრალიაში გააგრძელა.
38 წლის თავდამსხმელი კლუბ „სიდნეიში“ ჩაირიცხა და „მწვანე კონტინენტის“ საფეხბურთო პირველობაზე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარა. კლუბის მაისური 24 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და 14 გოლი გაიტანა.
ცოტა ხნის წინ ფრანგული „აიაჩოს“ მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი ფაბრიციო რავანელი დაინიშნა.
ფაბრიციომ ძველი მეგობარი გაიხსენა და დელ პიერო სათამაშოდ კორსიკაზე მიიწვია. ალესანდრომ რავანელის ხათრი არ გაუტეხა და საფრანგეთში თამაშზე თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ საქმეში „სიდნეისა“ და „აიაჩოს“ წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ დელ პიერომ გუშინ ადრინდელი გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა.
ფეხბურთელის მტკიცებით კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს, რადგან მისი ოჯახის წევრებს ამ ქვეყნის დატოვება კატეგორიულად არ სურთ. მოთამაშემ მეუღლისა და შვილების თხოვნას ანგარიში გაუწია და უახლოეს დღეებში „სიდნეისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ალესანდრო დელ პიერომ ფაბრიციო რავანელისა და „აიაჩოს“ გულშემატკივრებს საკუთარი საქციელის გამო დიდი ბოდიში მოუხადა.