რამდენიმე საათის წინ იტალიურმა გამოცემამ „Football Italia” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ იტალიის ეროვნული გუნდისა და ტურინის „იუვენტუსის“ 34 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლოს შეძენა მოისურვა.
რამდენიმე დღის წინ „სამეფო კლუბის“ ახალ მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი, ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. ახალ გუნდში მოსვლისთანავე „კარლიტომ“ მადრიდული კლუბის უფროსობას „იუვენტუსის“ ნახევარმცველის შეძენა კატეგორიულად მოსთხოვა.
პირლო ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და „სკუადრა აძურას“ რიგებში კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ასპარეზობს. ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, მომავალ კვირას მადრიდული გუნდის წარმომადგენლები იტალიელებს დაუკავშირდებიან და პირლოს გასაყიდი თანხის დასახელებას მოსთხოვენ.
საინტერესოა, რომ პირლოსა და კარლო ანჩელოტის რამდენიმე წლის წინ კლუბ „მილანში“ ერთად უკვე უმუშავიათ.