უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრონტის ხაზის საკვანძო მდინარეზე კონტროლი დაიბრუნეს და შემდეგი მიზანი ლუგანსკის დეოკუპაციაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრონტის ხაზის საკვანძო მდინარეზე კონტროლი დაიბრუნეს და შემდეგი მიზანი ლუგანსკის დეოკუპაციაა

უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და მის აღმოსავლეთ სანაპიროსაც აკონტროლებენ, - წერს BBC უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.

„რუსეთის არმია თითქმის სრულადაა გაძევებული ხარკოვის რეგიონიდან. რეგიონის ლიდერის თქმით, შემდეგი მიზანი მეზობელი ლუგანსკი იქნება“, - წერს BBC.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შემდეგი შეტევისთვის უკრაინა უკვე ემზადება.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გააზიარა ვიდეო, როგორ კვეთს უკრაინული ტანკი მდინარეს. „ლუგანსკის რეგიონი აქვეა. დეოკუპაცია შორს არაა“, - ამბობს გაიდაი.

მდინარე ოსკოლი სათავეს რუსეთში იღებს და სამხრეთით, უკრაინისკენ, ხარკოვის აღმოსავლეთით მიედინება.